რეალი კანსელუს შეძენას გეგმავს
ჟოაო კანსელო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.
პორტუგალიელი განაპირა მცველი ამჟამად იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ იმყოფება. ის „მანჩესტერ სიტის“ საკუთრებაა, თუმცა „ქალაქელებს“ მისი დაბრუნების სურვილი არ აქვთ და არც „რეკორდმაისტერი“ გეგმავს ფეხბურთელის გამოსყიდვას.
კანსელუ მსურველების ნაკლებობას მაინც არ განიცდის. მის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და „რეალი“ იჩენენ. მადრიდელები ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდნენ და დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავენ.
„სიტი“ გამოსასყიდ თანხად 70 მილიონს ითხოვს, თუმცა რთული წარმოსადგენია კანსელუში ვინმემ ამხელა თანხა გადაიხადოს. სავარაუდოდ მოლაპარაკებებისას ღირებულება დაიკლებს.
„რეალი“ ახალი სეზონისთვის გეგმავს, რომ ედუარდო კამავინგა ნახევარდაცვაში დააბრუნოს და ფლანგის მცველი იყიდოს. მადრიდელთათვის კანსელუ იდეალური ვარიანტია, რადგან პორტუგალიელს ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია თამაში.
„ბარსელონა“ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ „სიტი“ ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს, რადგან კატალონიელებს ზაფხულში თანხის გადახდის საშუალება მხოლოდ 1 მოთამაშის სანაცვლოდ ექნებათ. კლუბი ძირითადად თავისუფალი აგენტების დამატებას გეგმავს.