„შიში გამიჩნდა და მრცხვენოდა“ - ტოჩინოშინის ბოლო პრესკონფერენცია სუმოტორის რანგში
ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ კარიერა დაასრულა და პრესკონფერენცია გამართა, რომლითაც საკუთარ გულშემატკივრებსა და სუმოს მოყვარულებს დაემშვიდობა. როგორც იაპონური გამოცემები წერენ, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, ტოჩინოშინს ხმა უკანკალებდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
„იანვარში ტრავმა მივიღე და ჩემს სუმოს ვერ ვაჩვენებდი. მეგონა, რომ სუმოში კიდევ 2-3 წლის განმავლობაში დავრჩებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, მომიწია, ეს გადაწყვეტილება მიმეღო. სუმოსადმი შიში გამიჩნდა და მრცხვენოდა, ფანებისთვის ჩემი სუმო მეჩვენებინა.
საქართველოდან როცა ჩამოვედი, არანაირი ცოდნა არ მქონდა და კასუგანო ბეიას კლუბის მადლიერი ვარ. ბედნიერი ვარ, იაპონიაში რომ ჩამოვედი და სუმოს ნაწილი გავხდი. როცა მაკუუჩი დივიზიონიდან გავვარდი, სუმოსადმი ჩემი წარმოდგენა შეიცვალა, თუმცა ჩემი მასწავლებლის სწავლებას გავყვები და შევეცდები, სხვა სუმოტორებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო. სუმოს ასოციაციაში ვერ დავრჩები, მაგრამ იაპონია ძალიან მიყვარს და იმედია, აქ ცხოვრებას განვაგრძობ“.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონია და პირველად დოჰიოზე 2006 წელს გავიდა. 2008 წელს, იგი ჯურიოს დივიზიონში პირველად აღზევდა, 2013 წელს კი მუხლის ტრავმა მიიღო და მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა. ქართველ სუმოტორს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული, რის შემდეგაც ოძეკის წოდება დაისაკუთრა, რომელიც სუმოში იოკოძუნას შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგია.