„ძალიან კარგ სეზონს ატარებს“ - რობერ პირესი მიქაუტაძეს აქებს
„არსენალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა ყოფილ კლუბზე, „მეცზე“ ისაუბრა. პირესმა ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შეაქო და განაცხადა, რომ ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს.
„ჩემი აზრით, მეცს ძალიან კარგი სეზონი აქვს და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, ლაშლო ბოლონიმ გუნდს რაღაც ახალი შესძინა და გრენობლთან მოპოვებული გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბორდომ ქულები დაკარგა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მეცმა სამივე თამაში უნდა მოიგოს და იმედი ჰქონდეს, რომ ბორდოს ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდება.
ვფიქრობ, ამ მომენტისთვის, მეცში ყველაფერი კარგადაა. კლუბი ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვის და შანსი აქვს მიზანს მიაღწიოს. ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებამ შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძის ვითარება შეცვალოს, რადგან მისი გადაყვანა რამდენიმე კლუბს სურს. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. გიორგი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და დარწმუნებული ვარ, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდება“.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „გენგამი“ გახლავთ, რომელსაც 20 მაისს დაუპირისპირდება.