შესაძლოა, სპალეტიმ ნაპოლი დატოვოს - ლაურენტისი ბენიტესს ესაუბრა
Gazzetta-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და რაფა ბენიტესს შორის საუბარი რამდენჯერმე შედგა. შესაძლოა, ესპანელი სპეციალისტი იტალიურ კლუბში დაბრუნდეს.
„პარტენოპეის“ პრეზიდენტი ისეთ მწვრთნელთან მუშაობას განიხილავს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს. გარდა ამისა, ბენიტესი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 2013-15 წლებში მუშაობდა, ნეაპოლურ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს. ამ წლებში „ნაპოლიმ“ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.
2022-23 წლების სეზონი „ნაპოლისთვის“ წარმატებულია, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იტალიის ჩემპიონობა გაინაღდეს. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „მილანთან“ დამარცხდნენ. „ნაპოლისთვის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა ისტორიული მოვლენა იყო, ასე შორის ნეაპოლური კლუბი არასდროს გასულა.
შეგახსენებთ, Gazzetta გუშინდელ ნომერში (18 მაისი) იტყობინებოდა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კლუბის სპორტულ დირექტორთან, კრისტიანო ჯუნტოლისთან და მთავარ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობა დაეძაბა. სააგენტოს მტკიცებით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა, რომელიც ჯუნტოლის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლას ეხება. რამდენიმე დღეა, იტალიური პრესა აქტიურად იტყობინება, რომ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ტურინელებთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი გახდება.
თუ ჯუნტოლი და სპალეტი კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებენ, მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. ამასთან, სპალეტის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ნაპოლიდან“ წასვლის შემთხვევაში, მას ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობაზე პაუზის აღება მოუწევს. 64 წლის სპალეტი აურელიო დე ლაურენტისის მიზნებით უკმაყოფილოა, რაც მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. სპალეტი მიიჩნევს, რომ ამისთვის გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი როგორც სახელფასო, ისე სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდაზე უარს ამბობს.