„ძალიან მრცხვენია... ბოდიშს ვუხდი მაყურებელს“ - ტოჩინოშინის კომენტარი
სახელოვანი ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე დიდი სუმოდან წავიდა. ამის შესახებ 35 წლის რიკიშიმ იაპონიაში მყოფ Facebook-გვერდ „სუმოს ქომაგების“ წარმომადგენელს, ამირან ურუშაძეს განუცხადა.
ტოჩინოშინმა დღეს, ნაცუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ჯურიო დივიზიონში ზედიზედ მე-5 წაგება გაიფორმა და კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო.
ლევან გორგაძე იაპონურ სააგენტო NikkanSports-ს ესაუბრა.
რა თქვა ტოჩინოშინმა:
სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, სუმოისტი აღარ ვარ. ტურნირამდე არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. მრცხვენია ასეთი ასპარეზობის გამო... ბოდიშს ვუხდი მაყურებელს.
ამ კომენტარის შემდეგ, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ როდესაც ქართველთან ინტერვიუს წერდა, ლევანი მარცხენა მხარს იტკიებდა.
ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლიდან თარიღდება, ჯურიოს დივიზიონში კი დებიუტი 2008 წლის იანვარში ჰქონდა. ტოჩის ოქროს პერიოდი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ჰაცუ ბაშოზე“ 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და იმპერატორის თასს დაეუფლა. შედეგად, ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდება დაიმსახურა, მომდევნო ბაშოზე კი 13:2-ზე ბალანსით, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა. ცნობისთვის, ქართველი სუმოისტი ევროპაში მესამე რიკიშია, რომელმაც სუმოს პროფესიონალურ კარიერაში ოძეკის ტიტულის მიღება შეძლო.