სპალეტის და ჯუნტოლის დე ლაურენტისთან ურთიერთობა დაეძაბათ - რა ხდება ნაპოლიში?!
გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში იტყობინება, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კლუბის სპორტულ დირექტორთან, კრისტიანო ჯუნტოლისთან და მთავარ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობა დაეძაბა.
სააგენტოს მტკიცებით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა, რომელიც ჯუნტოლის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლას ეხება. რამდენიმე დღეა, იტალიური პრესა აქტიურად იტყობინება, რომ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ტურინელებთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი გახდება.
რაც შეეხება სპალეტის, არსებობს ეჭვები, რომ ლუჩანოსთვის ეს სეზონი „ნაპოლის“ თავკაცის პოსტზე ბოლო იქნება და შესაძლოა, მან სამწვრთნელო კარიერაც დაასრულოს.
Gazzetta იტყობინება, რომ თუ ჯუნტოლი და სპალეტი კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებენ, მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. ამასთან, სპალეტის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ნაპოლიდან“ წასვლის შემთხვევაში, მას ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობაზე პაუზის აღება მოუწევს. იწერება, რომ 64 წლის სპალეტი აურელიო დე ლაურენტისის მიზნებით არის უკმაყოფილო, რომელიც მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება და მიიჩნევს, რომ ამისთვის გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი როგორც სახელფასო, ისე სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, დღეს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე (საქართველოს დროით 14:30 საათზე) დე ლაურენტისის პრესკონფერენცია არის ჩანიშნული, სადაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. როგორც იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, როგორც სპალეტის, ისე ჯუნტოლის მომავალი სწორედ ამ პრესკონფერენციის შემდეგ გახდება ცნობილი.