“ჩადეთ უფრო მეტი ფული“ - მადლინიმ მილანის ხელმძღვანელობას მიმართა
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „მილანმა“ მნიშვნელოვანი ტრანსფერები ვერ განახორციელა. მიუხედავად ამისა, „როსონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მაინც გააღწია, მაგრამ „ინტერთან“ უშანსოდ დამარცხდა.
რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარებით პაოლო მალდინი უკმაყოფილოა და გუნდის ხელმძღვანელობას ღია შეტყობინება გაუგზავნა.
რა თქვა მალდინიმ?
„ჩვენ ჯერ ისეთი შემადგენლობა არ გვყავს, რომ ორ ფრონტზე თანაბრად ვიბრძოლოთ. ამას ჟურნალისტებს გეუბნებით, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებსაც ვუთხარი. ეს საკითხი მათ კარგად ესმით.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა არის ის, რაც ეკონომიკურად იდეალურად უნდა გამოვიყენოთ. მოგიწოდებთ, ჩადეთ უფრო მეტი ფული, რათა ეს თავგადასავალი კიდევ ერთხელ გამოვიაროთ.
ჩვენ გვაქვს იდეა, რომ „მილანი“ ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდი იყოს. აქედან გამომდინარე, სატრანსფერო ბაზარზე სიფრთხილე გვმართებს. სანდრო ტონალის პირველ სეზონში გაუჭირდა, მაგრამ ახლა ხედავთ, თუ რა დონეზე ავიდა. ჩვენი გეგმა სწორედ ეს არის.“
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ ორივე დაპირისპირება წააგო. პირველი შეხვედრა 0:2, ხოლო მეორე 0:1. რაც შეეხება სერია ა-ს, „როსონერი“ მეხუთე ადგილზე იმყოფება და არის საფრთხე, რომ მომავალ სეზონში სტეფანო პიოლის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ ვიხილოთ.