„სწორედ ამიტომ მინდა მერაბის თავი თეფშზე“ - სეხუდომ მანქანა კიდევ ერთხელ გამოიწვია
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. „ტრიპლ სიმ“ Youtube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „მანქანასთან“ დაპირისპირება 19 აგვისტოს სურს.
„თუ პირველი არ ვარ, ე.ი ბოლო ვარ. ალჯამეინ სტერლინგთან გამართული ჩხუბის მეორე დღეს, საკუთარ თავს ვკითხე, შემდეგი ნაბიჯი რა იყო და დავასკვენი, რომ ჩემთვის დასრულებული არაფერია. ალჯოსთან ბრძოლას მხოლოდ ერთხელ ვუყურე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა შეცდომები დავუშვი და ამ ყველაფერს ასე ვერ დავტოვებდი. ჩემს ორგანიზმში ცეცხლი მძვინვარებს და ბრაზსა და წარმატების მიღწევის წყურვილს ვგრძნობ. ალჯო ან სხვა მებრძოლები არაფერ შუაში არიან და ყველაფერი მე და ჩემს ოცნებებს გვიკავშირდება. შეცდომებს გამოვასწორებ, ცვლილებებს განვახორციელებ და მინდა, მერაბ დვალიშვილის თავი თეფშზე მომართვან.
დვალიშვილი რეიტინგის პირველი ნომერია, სტილისტური გადმოსახედიდან მასთან ბრძოლის პერსპექტივა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ალჯოსნაირად იჩხუბებს. ისინი ცდილობენ, მეტოქეები ოქტაგონის ღობესთან მიიმწყვდიონ, მათზე ზეწოლა განახორციელონ და იჭიდაონ. დგომში სახიფათო არც ერთი მათგანია, თუმცა, მერაბს აქვს ის, რაც ალჯამეინ სტერლინგის მსგავს მებრძოლებს არ აქვთ და ეს კარდიოა.
მერაბი სახიფათოა, თუმცა ერთადერთი, ვისთანაც ჩხუბს თავს აარიდებდა, მასზე უკეთესი მოჭიდავეა. სწორედ ამიტომ, ამ დაპირისპირების გამართვის პერსპექტივა ძალიან მომწონს. მომწონს ჩვენ შორის არსებული ისტორია, მომწონს მერაბი, როგორც მებრძოლი და რაც მთავარია, მომწონს ის ფაქტი, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში, რეიტინგის პირველი ნომერი გავხდები და შემეძლება, ქამრისთვის კიდევ ერთხელ ვიჩხუბო. რაღაცები მაქვს დასამტკიცებელი და მომწონს, ამ მდგომარეობაში რომ ვიმყოფები. ვხვდები, რომ ცვლილებები მაქვს გასატარებელი და შეცდომები გამოსასწორებელი. სწორედ ამიტომ მინდა, 19 აგვისტოს ვიჩხუბო და მერაბს დავუპირისპირდე. ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წლის 19 აგვისტოს გავხდი და ეს დღე ზედმეტად განსაკუთრებულია, რათა დავმარცხდე. მით უმეტეს, მოჭიდავესთან. მერაბისთვის გეგმას შევიმუშავებ, განსხვავებულად მოვემზადები და მიხარია, რომ რაღაც მაქვს დასამტკიცებელი. ამ მატარებელს ვერ გააჩერებთ და ფრთხილად იყავით! 19 აგვისტოს მერაბი მინდა და სულერთია, ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება თუ არა“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, UFC-იმ ოფიციალურად დააანონსა, რომ 19 აგვისტოს გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა შონ ომალისა და ალჯამეინ სტერლინგის დაპირისპირება იქნება. „მანქანას“ რაც შეეხება, მან ხელის ოპერაცია გაიკეთა და ნაკლებად სავარაუდოა, გამოჯანმრთელება და სრული სავარჯიშო კემპის გავლა მოასწროს.