„ვის გადავიყვანდი ინტერში? კვარას ან დიბალას“ - ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი
პაოლო ბონოლისი ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი და „ინტერის“ დიდი გულშემატკივარია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ, ბონოლისმა საკუთარ გუნდზე ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც „ნერაძურის“ მაისურით სიამოვნებით იხილავდა.
„ფეხბურთელი, რომელსაც ინტერის მაისურით სიამოვნებით ვიხილავდი, ნაპოლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა. ის შესანიშნავი მოთამაშეა და ინტერში მას ან დიბალას გადავიყვანდი. კორეას შემცვლელი უნდა ვიპოვოთ და კვარასნაირი ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქის ჩამოშორება შეუძლია, იდეალური ვარიანტი იქნებოდა“.
სხვათა შორის, ბონოლისი იტალიურ ტელევიზიებში 1980 წლიდან მოღვაწეობს. იგი მსოფლიო რეკორდის მფლობელიცაა და ერთ წუთში 335 სიტყვა აქვს წარმოთქმული. 2023 წლის მონაცემებით, მისი ქონება 30 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა. ქართველმა შემტევმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.