„ინგლისური ენა პრინციპულად არ ვისწავლე“ - კარლოს ტევესის უცნობი ისტორია
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა პრემიერ ლიგაში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. არგენტინელმა შემტევმა განაცხადა, რომ ინგლისური ენა პრინციპულად არ ისწავლა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და მსურდა, ჩემთან ესპანურად ესაუბრათ. ბიძა მყავს, რომელსაც რივერ პლეიტში უთამაშია და ჩვენს ოჯახში რივერის ერთადერთი გულშემატკივარია. რივერ პლეიტის სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა და როცა ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა უნდა გაემართა, ფოლკლენდის ომში გაიწვიეს.
მან ძლიერი ტრავმა მიიღო და ალკოჰოლიკი გახდა. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მომხდარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ინგლისში ყოფნისას ჩემს თავს ვუთხარი, რომ იქ მხოლოდ სამუშაოდ ვიყავი და ინგლისურ კულტურას არ შევეჩვეოდი. ჩემთან საუბარს თუ მოისურვებდნენ, ესპანური უნდა გამოეყენებინათ, რადგან ინგლისურის სწავლას არ ვაპირებდი“.
შეგახსენებთ, რომ ტევესი „ნისლიან ალბიონზე“ 2006 წელს გადავიდა და „ვესტ ჰემს“ შეუერთდა. 2007-დან 2009 წლამდე იგი იჯარის წესით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, 2009-დან 2013-მდე კი „სიტის“ რიგებში ასპარეზობდა.