გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური, ეთერ ასკილაშვილი
Aa
Aa

IJF-ის განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ ჯუდოკებსაც შეეხოთ. დოჰაში გამართული მსოფლიო პირველობა ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და ეს რეიტინგზეც აისახა.

-60 კგ წონითი კატეგორია

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველი ჯუდოკა რეიტინგში მე-5 ნომერი იყო და ცვლილებები არ შეხებია. მის აქტივში 4906 ქულაა.

-66 კგ წონითი კატეგორია

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსება ვაჟა მარგველაშვილმა დაიცვა, რომელიც მეოთხედფინალში ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. მარგველაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა. ვაჟა 1 ადგილით დაქვეითდა და 4591 ქულით მე-5 გახლავთ.

-73 კგ წონითი კატეგორია

ლეგენდარულ ქართველ ჯუდოკას, ლაშა შავდათუაშვილს წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა და მეორე წრეში სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, თუმცა 6496 ქულით, კვლავინდებურად პირველ ადგილს იკავებს.

-81 კგ წონითი კატეგორია

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ქართველმა ჯუდოკამ ფენომენალური ძიუდო აჩვენა, მთელი ტურნირის განმავლობაში დომინანტი იყო და ფინალში მატიას კასეს სძლია. ტატოს 10346 ქულა აქვს და რეიტინგის ლიდერია. ზემოთ ხსენებული კასე 8705 ქულით მეორე ადგილზეა.

-90 კგ წონითი კატეგორია

-90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ქართული ძიუდოს ისტორია დაწერეს. მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და ქართული ფინალი ვიხილეთ, რომელშიც ლუკამ ოქროს დროში იმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მაისურაძემ 7050 ქულა დააგროვა, 2 საფეხურით წინ წაიწია და რეიტინგის ლიდერი გახდა. წინსვლა აქვს ბექაურსაც. ლაშა მე-7 ნომერი იყო და 2 საფეხურით დაწინაურდა. ბექა ღვინიაშვილი მე-4 ადგილზე დარჩა.

-100 კგ წონითი კატეგორია

-100 წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები ორი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო, ზელიმ კოცოევთან წააგო, ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნურლიხან შარხანმა გამოთიშა. უმედლო მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, სულამანიძე 6783 ქულით რეიტინგის პირველი ნომერია. ვარლამ ლიპარტელიანი ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-9 ადგილზეა.

+100 კგ წონითი კატეგორია

ამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა იასპარეზა, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას მეორე რაუნდში გამოეთიშა. განახლებულ რეიტინგში იგი 3285 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, გელა ზაალიშვილი მე-11-ეა.

-57 კგ წონითი კატეგორია

გოგონათა შორის ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა და მერვედფინალში სარა ლეონი სისიკესთან დამარცხდა. ლიპარტელიანს 4321 ქულა აქვს და რეიტინგის მე-7 ნომერია.

-63 კგ წონითი კატეგორია

ეთერ ასკილაშვილი ასპარეზობას პირველივე რაუნდში, დიასონემა მუკუნგუისთან ბრძოლაში გამოეთიშა. იგი რეიტინგის 79-ე ნომერია, 14 ადგილით წინ წაიწია და 310 ქულა აქვს.

+78 კგ წონითი კატეგორია

სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში გავიდა, თუმცა კაირა საიითის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მან რეიტინგში 1 ადგილით წინ წაიწია და 2723 ქულით მე-17 გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ბრინჯაოს მედლის გარდა, მათ 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც დაისაკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი შემთხვევა, როცა ელეგანტურად გამოიყურებოდა“ - ომალი მერაბზე და თავის ქურთუკზე
„ერთადერთი შემთხვევა, როცა ელეგანტურად გამოიყურებოდა“ - ომალი მერაბზე და თავის ქურთუკზე