„ხვიჩა რჩება, რეალური პრობლემა კიმია“ - დი მარციომ ნაპოლიზე ისაუბრა
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport Italia-სთან „ნაპოლის“ წამყვან ფეხბურთელებზე ისაუბრა. მისი თქმით ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება, კლუბს არ დატოვებს, თუმცა შესაძლოა „პარტენოპეის“ ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯე დაემშვიდობონ.
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელია ნამდვილად დარჩება „ნაპოლიში“. ოსიმენთან მიმართებაში გვჭირდება ვნახოთ თუ რა წინადადებებს მიიღებს „ნაპოლი“. თუ რომელიმე კლუბი მასში 150 მილიონს გადაიხდის, უარის თქმა რთული იქნება. „ნაპოლის“ შემდეგ სეზონში რასპადორისთან და სიმეონესთან ერთად ერთი ფორვარდი უნდა დაიმატოს.
რეალური პრობლემა კიმია. გამოსასყიდი თანხა 50 მილიონზე მეტია. თუ პრემიერ ლიგის სატრანსფერო თანხებს განვიხილავთ, ეს ნამდვილად პრობლემაა. ვიცი, რომ „ნაპოლი“ ცაცია ცენტრალურ მცველებს აკვირდება. აქედან გამომდინარე, კიმის ტრანსფერი გამორიცხული არაა“.
შეგახსენებთ, კიმ მინ-ჯე „მან. იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ დაუკავშირეს. შესაძლოა, ერთ-ერთ გუნდში გადავიდეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა, „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. ხვიჩა კვარაცხელიას მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ „ნაპოლიში“ გოლი არ გაუტანია, ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს გათვალისწინებით უგოლო სერია 10-მატჩიანია.