ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ჯეიმს ჰარდენი, ტობაიას ჰერისი
Aa
Aa

ტეიტუმმა მე-7 მატჩში ისტორია დაწერა | ბოსტონმა ფილადელფია გაანადგურა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „მაიამი ჰიტი“ სუპერფინალურ სერიაში გასასვლელად ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდება. „კელტებმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ აჯობეს და 7-მატჩიანი სერია 4:3 მოიგეს.

„ფილადელფიამ“ მე-6 შეხვედრა საკუთარ კედლებში წააგო, მე-7 მატჩი კი „თიდი გარდენში“ გაიმართა და „სიქსერსი“ უშანსოდ დამარცხდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, გამარჯვებულის ბედი მე-3 მეოთხედში გაირკვა, რომელშიც „ბოსტონმა“ მეტოქეზე 23-ით მეტი ქულა ჩააგდო (33:10) და საბოლოოდ, „ფილადელფია“ 112:88 გაანადგურა.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 51 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. „ჯეითი” NBA-ის ისტორიაში პირველი მოთმაშეა, რომელმაც პლეიოფის სერიის მე-7 მატჩში 51 ქულა დააგროვა. აქამდე საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ეკუთვნოდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, „საკრამენტოს“ 50 ქულა ჩაუგდო. ამასთან, ტეიტუმი ერთადერთია, ვისაც სერიის გადამწყვეტ მატჩში მინიმუმ 50 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი აქვს გაფორმებული. ტეიტუმთან ერთად, ჯეილენ ბრაუნიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, ხოლო მალკოლმ ბროგდონმა 12 ქულა მიითვალა.

„ფილადელფიას“ ლიდერებს, ჯოელ ემბიდსა და ჯეიმს ჰარდენს საშინელი შეხვედრა ჰქონდათ. ემბიდმა 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 15 ქულას დასჯერდა, ჰარდენმა კი 11-დან 3 სროლა გამოიყენა და მატჩი 9 ქულით დაასრულა. „სიქსერსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა ტობაიას ჰერისს ჰქონდა.

ცნობისთვის, „ბოსტონისა“ და „მაიამის“ პირველი დაპირისპირება „თიდი გარდენში“ გაიმართება და 18 მაისს, თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონმა მარტივად გაიმარჯვა | ბათუმს ჯოვინომ მოაგებინა
ჩემპიონმა მარტივად გაიმარჯვა | ბათუმს ჯოვინომ მოაგებინა