ჩემპიონმა მარტივად გაიმარჯვა | ბათუმს ჯოვინომ მოაგებინა
Crystalbet ეროვნულ ლიგაში დღეს მე-14 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
დღის პირველ სათამაშო მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ქუთაისელები მოედანზე გასული ტურის მსგავსად, დღესაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა. მასპინძლებმა პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან 3 წუთში მიიღეს. წყალტუბოელთა მხრიდან თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს კი დუბლი შეასრულა და შესვენებაზე „სამგურალი“ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 8 წუთში ნიქაბაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ქუთაისელთა მხრიდან კი პრესტიჟის გოლი 87-ე წუთზე გიორგი არაბიძემ გაიტანა.
დღის მეორე მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრზე ჩატარდა, სადაც „საბურთალომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
მასპინძლებს დაწინაურება ჯერ 35-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა იური ტაბატაძემ სამტრედიელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ანგარიში კი 70-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, თამაშის ბოლოს კი მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „თელავი“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი 3:0 მოიგეს. თავი ულად-ომარ იმრანმა, გიორგი მაისურაძემ და უსმანე კამარამ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმი კვლავ „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა და „სამტრედიას“ კარში კიდევ სამი გოლი გავიდა, თუმცა სტუმრებმა საპასუხოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. თბილისური კლუბის მხრიდან თავი ვაგნერ გონსალვესმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გამოიჩინეს, „სამტრედიას“ შემადგენლობიდან კი პრესტიჟის გოლის ავტორი იმედა აშორტია გახდა.
დღის ბოლო მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა.
გია გეგუჩაძის გუნდმა მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-4 წუთზე „დინამო“ გიორგი ზარიამ დააწინაურა, მე-18 წუთზე კი ფლამარიონმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში, 75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა ბათუმელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 79-ე წუთზე კი ჯოვინომ „გაგრას“ კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
14 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 31-31 ქულით ბათუმის „დინამო“ და წყალტუბოს „სამგურალი ლიდერობენ, მესამე პოზიციას კი 27 ქულით თბილისის „დინამო“ იკავებს.
14 ტურის დასკვნითი მატჩი ხვალ, ჯონი ბაკურაძის სახელობის ანგისას ბაზაზე გაიმართება, სადაც ქობულეთის „შუქურა“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.