„ხვიჩა სტრატოსფერული ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა შეხვედრა შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.
თამაშის ბოლოს, ლუჩანო სპალეტიმ DAZN-ის მიკროფონებთან ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
რა თქვა სპალეტიმ:
კვარაცხელია ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ძალიან კარგად, მაგრამ დაცვით ფაზაში უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. როცა ის სწორ პოზიციას დაიკავებს და თანაგუნდელებსაც გზას გაუხსნის, მუშაობა უფრო მარტივი გახდება. ხვიჩა ნამდვილად ზღაპრული მოთამაშეა. როდესაც ბურთს ფლობს, მეტოქეებს მისი ეშინიათ და დაცვას აორმაგებენ, რაც სხვა პოზიციებზე თავისუფალ სივრცეს ქმნის. ის სტრატოსფერული ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.