მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa Aa

“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ

„მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ამიტომ ნება მომეცით პატარა საიდუმლო გაგიმხილოთ..

სანამ „მანჩესტერ“ სიტიში მოვხვდებოდი, ნამდვილად არ ვიცოდი, როგორი ბიჭი იყო სტერლინგი. მე მას არასდროს შევხვედრილვარ და იმის მიხედვით, რაც მასზე ბრიტანულ პრესაში წავიკითხე, ვფიქრობდი, რომ ის სრულიად განსხვავებული ადამიანი იქნებოდა..

ვიფიქრე.. ჰმ..

არ ველოდი, რომ ის ცუდი ბიჭი იქნებოდა, მაგრამ მედია გამუდმებით წერდა მისი ამპარტავნების შესახებ. საბოლოო ჯამში ვიფიქრე, რომ მედია მართალი იქნებოდა. როგორ ამბობენ ამას ბრიტანელები?

ალბათ „პატარა ნაბიჭ...რი?“

ჩემსა და რაჰიმს შორის ძლიერი კავშირი იყო. „მანჩესტერ სიტის“ ორივე ერთდროულად შევუერთდით და ჩვენზე პრესაში ბევრი ცუდი რამ დაიწერა.. მე „ჩელსის“ მოღალატეს მეძახდნენ, ხოლო სტერლინგს ფულზე გაყიდულს..

რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ რამეს შენზე კითხულობ ყოველთვის ფიქრობ: „მე?“

როცა საქმე პირად საკითხებს ეხება, ეს ყველაფერი გარკვეულწილად შენს გონებაზე მოქმედებს და კონტროლს სცილდება..

ასე რომ, როდესაც რაჰიმი გავიცანი, ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობდი და ვიფიქრე: „ეს ბიჭი ძალიან მაგარია, რას ერჩიან? რა ხდება?“

სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის მოედანზე თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრი ახლო მეგობარი არ მყავს. მე ჩაკეტილი ადამიანი ვარ და გასახსნელად ყოველთვის ბევრი დრო მჭირდება..

დროთა განმავლობაში მე და რაჰიმი დავახლოვდით, რადგან ჩვენი ვაჟები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ და ისინი ერთად ბევრს თამაშობდნენ..

როცა რაჰიმი უკეთ გავიცანი, მივხვდი, რამდენად ჭკვიანი და დიდებული ადამიანია. ის ძალიან განსხვავდებოდა მედიაში გავრცელებული დახასიათებისგან. სტერლინგი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და თავმდაბალი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ფეხბურთში..

ერთხელ საუბრისას მითხრა: „სანამ გაგიცნობდი მეგონა, რომ სხვანაირი ადამიანი იყავი. მეგონა მორცხვი იყავი, თუმცა კარგი იუმორი აღმოგაჩნდა.“

მე ვუპასუხე: „არა, მე საკმაოდ მშრალი იუმორი მაქვს.“

შემდეგ მან მკითხა: „სანამ გამიცნობდი, რას ფიქრობდი, როგორი ვიყავი?“

მე: „განსაკუთრებით ამპარტავანი მეგონე.“

მან გამომხედა და დამიყვირა: „ნაბიჭ...რო“

გავხედე და მშვიდად ვუთხარი: „რა გჭირს? არ ფიქრობ, რომ მე უცნაური ადამიანი ვარ?“

ეს ინციდენტი კარგი გაკვეთილია. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფეხბურთელები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ იმისგან, როგორი წარმოდგენაც მათზე გაქვთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ უკეთ გაიცნობთ. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა..

მე მესმის, რატომ ფიქრობდა რაჰიმი, რომ შეიძლება რთული ვყოფილიყავი.. 16 წლის შემდეგ, ცხოვრებაში თითქოს რაღაც შავი ღრუბლის მაგვარი დამყვებოდა.. ამ ამბის მოყოლას ვაპირებ, მაგრამ გთხოვთ, მინდა გაიგოთ, რომ ჩემს თავზე ლაპარაკი ყველაზე მეტად მიჭირს. თუ ეს ფეხბურთს ეხება შემიძლია საათობით ვისაუბრო, მაგრამ პირადად ჩემზე რაიმეს თქმა მიჭირს..

მე ასეთი პიროვნება ვარ.. ასევე, დარწმუნებული ვარ ამის წაკითხვისას ბევრი თქვენგანი იგივეს გრძნობს..

ბავშვობიდან ძალიან მშვიდი და მორცხვი ადამიანი ვარ.. მე არ მაქვს Playstation.. არ მყავს ახლო მეგობრები.. ფეხბურთის საშუალებით ჩემი თავის გამოხატვა საკმარისია..

მოედნის მიღმა ინტროვერტული ადამიანი ვარ და ბევრს არ ვლაპარაკობ. მოედანზე კი სრულიად საპირისპირო.. ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორ დავუყვირე დავიდ სილვას: „მისმინე“! ამ ვიდეოში ჩემს ტემპერამენტსა და ბავშვობის ტემპერამენტს შორის დიდი სხვაობაა..

როცა ახალგაზრდა ხარ, ადამიანებს ასეთი პიროვნების არ ესმით. ამის გააზრებისთვის კი დიდი ხანი დამჭირდა..

14 წლის ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ „გენკის“ საფეხბურთო აკადემიაში მევარჯიშა. ამიტომ, ბელგიის ერთი ბოლოდან მეორეში გადავედი..

მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან აკადემიამდე 2 საათის გზა იყო, მშობლებს ვუთხარი, რომ გადასვლა მინდოდა.. სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მთლიანად ჩემია! პრობლემა ის იყო, რომ მე უკვე საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვიყავი. „გენკში“ კი მოხვდა ბიჭი შორი მანძილიდან, სასაცილო აქცენტით..

მარტოსული ვიყავი.. „გენკში“ ჩემი პირველი ორი წელი ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში.. მე არ მქონდა სოციალური ცხოვრება განსხვავებით სხვა ბავშვებისგან.. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებდი. ოჯახს კვირაში ერთხელ ვხედავდი..

შეიძლება ზოგს ამის გაგება გაუჭირდეს, რადგან 14 წლის ბავშვები ასე არ იქცევიან.. მხოლოდ იმის ახსნა შემიძლია, რომ, როცა ფეხბურთს ვთამაშობ აბსოლუტურად ყველაფერი ქრება.. ყველა ჩემი პრობლემა და უბედურება ქრება..  ფეხბურთის თამაშისას ყველაფერი მშვენიერია. თუ ფიქრობთ, რომ ეს აკვიატებაა, ალბათ მართალი ხართ, ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი აკვიატებაა..

მოკლედ, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია..

პირველ წელს საერთო საცხოვრებლის მსგავს ადგილას ვცხოვრობდი, პატარა ოთახში საწოლით, მერხით და ნიჟარით.

მეორე წელს, კლუბის მიერ მოწყობილ მასპინძელ ოჯახში გადავედი. იმ სახლში 2 თანაგუნდელთან ერთად გადავედი და ამან შედარებით ნორმალური ცხოვრების საშუალება მომცა..

მე ისევ მარტოსული ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ ამაში რაიმე ცუდი იყოს.. ერთი წელი გავიდა.. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კარგად ვთამაშობდი, არ მიჩხუბია და არანაირი პრობლემა არ შემხვედრია..

სემესტრის დასრულების შემდეგ, ჩემი ნივთები ჩავალაგე და მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობე.

მათ მიპასუხეს: „სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ. არდადეგების შემდეგ გნახავთ.“

მაგრამ, როცა სახლში დავბრუნდი დედა ტიროდა. მეგონა, ოჯახში ვინმე გარდაიცვალა..

ვიკითხე: „რა მოხდა?“

შემდეგ დედამ თქვა ისეთი რაღაც, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა..

დედა: „მათ არ უნდათ, რომ დაბრუნდე..“

მე: „რაზე საუბრობ?“

დედა: „შენს მასპინძელ ოჯახს არ უნდა, რომ იქ დაბრუნდე.“

მე: „რა? რატომ?“

დედა: „იმის გამო, თუ როგორი ხარ შენ! ისინი ამბობენ, რომ ძალიან მშვიდი ხარ და ურთიერთობები არ შეგიძლია. მათ პრობლემური ბავშვი ჰგონიხარ..“

გამიკვირდა.. მასპინძელ ოჯახს ეს ჩემთვის პირადად არასდროს უთქვამს.. მათთან არანაირი პრობლემა არ მქონია..

შემდეგ მათ კლუბს აცნობეს, რომ ჩემი დატოვება ოჯახში აღარ სურდათ..

მოულოდნელად ჩემს კარიერაში პირველად შემექმნა დიდი პრობლემა. იცით რატომ? მე ჯერ კიდევ არ ვიყავი იქ საუკეთესო და კლუბში ფიქრობდნენ, რომ რაღაც მჭირდა.. „გენკმა“ გვითხრა, რომ სხვა ოჯახს ფულს არ გადაუხდიდნენ. სხვა საერთო საცხოვრებელში უნდა წავსულიყავი და ეს არც ისე კარგი იყო. ეს იყო საერთო საცხოვრებელი პრობლემური ბავშვებისთვის..

მახსოვს, დედაჩემი ტიროდა.. მე კი ბურთი ავიღე და ეზოში გავედი. იქ იყო ღობე, რომელთანაც ბავშვობაში საათობით ვთამაშობდი..

„იმის გამო, თუ როგორი ხარ შენ..“

ეს წინადადება გონებაში დიდხანს ტრიალებდა. ღობეს ბურთს ვურტყამდი და მახსოვს, ჩემს თავს ვუთხარი: „არა უშავს, ორ თვეში პირველ გუნდში იქნები. სახლში წაგებული არ დავბრუნდები! არა!“

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, „გენკში“ დავბრუნდი. მეორე გუნდში ახალი დაწინაურებული ვიყავი. იმ დროს არავინ ვიყავი, მაგრამ ჯოჯოხეთურად ვვარჯიშობდი. ჩემი გული მებრძოლით სულით არის სავსე!

ნათლად მახსოვს ის მომენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. პარასკევს საღამოს თამაში გვქონდა და თავიდან სათადარიგოთა სკამზე ვიყავი. მინდორზე მეორე ტაიმში შევედი.. შევედი და გავგიჟდი..

პირველი გოლი..

„შენს მასპინძელ ოჯახს აღარ უნდიხარ“

მეორე გოლი..

„შენ ძალიან ჩუმი ხარ“

მესამე გოლი..

„მათ პრობლემური ბავშვი ჰგონიხარ“

მეოთხე გოლი..

„მათ აღარ უნდიხარ“

მეხუთე გოლი..

„იმის გამო, თუ როგორი ხარ შენ“

ერთ ტაიმში ხუთი გოლი გავიტანე და გონებაში ეს ფრაზები მიტრიალებდა. იცით? ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. 2 თვეში პირველ გუნდში დამაწინაურეს.. კლუბმა კი ჩემს ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ სხვა მასპინძელი ოჯახის თანხას გადაიხდიდა..

ფეხბურთში ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, თუ როგორ გექცევიან, როდესაც კარგი ხარ..

ერთ დღეს, კლუბში ჩემი წინა მასპინძელი ოჯახი მოვიდა და ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველაფერი გაუგებრობა იყო.

იცით რა სისულელე მითხრეს?

„გვინდა, რომ დაბრუნდე ჩვენს სახლში. ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საერთო საცხოვრებელში იყო და სახლში შაბათ-კვირას დარჩე..“

შეიძლება ეს მე ხუმრობით უნდა მიმეღო, მაგრამ იმ მომენტში სასაცილო ნამდვილად არ იყო. მათ მართლა მატკინეს.. ასე რომ, მაშინ მეც ძალიან უხეშად ვუპასუხე: „თქვენ მე სანაგვეში გადამაგდეთ. ახლა როცა კარგად ვთამაშობ გინდათ დამიბრუნოთ?“

სინამდვილეში კი მათთვის მადლობა უნდა გადამეხადა, რადგან მათმა გადაწყვეტილებამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ამავდროულად იმ ინციდენტმა ჩემში დიდი და შავი კვალი დატოვა..

და მაშინ, როდესაც „ჩელსისთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მედიაში მაინც ჩემს რთულ ხასიათზე წერდნენ, ხოლო ჩემი და მასპინძელი ოჯახის ისტორია ვირუსივით გავრცელდა..

დიახ, ზოგჯერ მოედანზე ნერვებს ვერ ვთოკავ. ბევრ რამეს ჩემში ვიტოვებ და უცებ ყველაფერი ამოხეთქავს ხოლმე.. 5 წამის შემდეგ ისევ ვმშვიდდები. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ თავს არასწორად ვგრძნობ. ყველაფერი, რასაც ფეხბურთში ვაკეთებ მხოლოდ ერთ რამეს ეფუძნება: „მინდა თამაში!“

როდესაც „ჩელსიში“ ვიყავი, ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ ჩემი და მოურინიოს ურთიერთობაზე. სიმართლე კი ისაა, რომ მას მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე. გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ სულ ცოტა ხნით იჯარის წესით უნდა წავსულიყავი. ასე რომ, 2012 წელს „ვერდერში“ წავედი და კარგი სეზონიც მქონდა..

ზაფხულში „ჩელსიში“ დავბრუნდი და იმ პერიოდში რამდენიმე გერმანულ კლუბს ჩემი გადაბირება სურდა. კლოპს ჩემი „დორტმუნდში“ გადაყვანა სურდა და რეალურად მათი სათამაშო სტილი მომწონდა. იმედი მქონდა, რომ „ჩელსი“ გამიშვებდა..

შემდეგ მოურინიომ მომწერა: „კევინ დარჩი.. მინდა, რომ ამ გუნდის ნაწილი იყო.“

ვიფიქრე, რომ მის გეგმებში შევდიოდი..

წინასასეზონო მომზადების შემდეგ, ატმოსფერო მთლიანად კარგი იყო. ჩემი პირველი 4 თამაშიდან, ორში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გავაკეთე. სამწუხაროდ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. საერთოდ აღარ ვთამაშობდი და შანსიც აღარ მომცეს. ამის მიზეზი არავინ ამიხსნა და ზედმეტი ფიქრი შევწყვიტე..

რა თქმა უნდა, მე თვითონაც ბევრი შეცდომა დავუშვი. ძალიან გულუბრყვილო წარმოდგენა მქონდა იმაზე, თუ რა არის საჭირო პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელისთვის..

ახლა კარგად ვიცი როგორ უნდა ვივარჯიშო და მივხედო ჩემს თავს, მაგრამ, როცა 21 წლის ხარ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს.. Fa Cup-ზე „სუინდონ თაუნთან“ თამაშის შანსი მომეცა, მაგრამ ცუდ ფორმაში ვიყავი.. ამის შემდეგ ყველაფერი დასრულდა..

დეკემბერში მოურინიომ თავის კაბინეტში დამიბარა და ეს ალბათ ჩემს ცხოვრებაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.. ჟოზემ ჩემს წინ ფურცელი დადო, რომელზეც ეწერა: „1 საგოლე გადაცემა, ნული გოლი, 10 უკან დაბრუნება..“

ცოტა დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობდა..

შემდეგ მან ვილიანის, ოსკარის, მატას და შიურლეს სტატისტიკის წაკითხვა დაიწყო..

მოურინიო ელოდება, რომ რამეს ვეტყოდი და საბოლოოდ ვუთხარი: „კი მაგრამ, მათ 15-20 მატჩი აქვთ ჩატარებული, მე მხოლოდ სამი. ამის შედარება როგორ შეიძლება?“

ეს მართლაც უცნაური მომენტი იყო. იცით რა მითხრა?

მოურინიო: „თუ მატა გუნდიდან წავა, შენ ჩემი მეხუთე არჩევანი იქნები და არა მეექვსე.“

გავბრაზდი და უხეშად ვუპასუხე: „ვფიქრობ „ჩელსის“ არ ვუნდივარ. მე თამაში მინდა! გამყიდე!“

ალბათ ის იმედგაცრუებული იყო, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჟოზემ კარგად გაიაზრა რა მჭირდებოდა.. მე ბევრი სათამაშო დრო მჭირდებოდა.. საბოლოოდ „ჩელსიმ“ სხვა ფეხბურთელში გამცვალა და ეს საუკეთესო გარიგება არ იყო, რადგან მათ იმაზე ორჯერ ნაკლები მიიღეს, ვიდრე ჩემში გადაიხადეს.. მე კი „ვოლფსბურგში“ ახალი შესაძლებლობები გამიჩნდა..

იმ დროს ყველაფერი შეიცვალა და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა.. იქ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. არ შემიძლია მის მიმართ მადლიერება არ გამოვხატო. გაზრდაში ძალიან დამეხმარა.. ეს ისტორია იმდენად უხერხულია, რომ საუბარი არ მინდა..

მაგრამ, რადგან ჩემს სიმართლეში მთლიანად დავრწმუნდი, რაღაც უნდა ვთქვა, რაც მართლაც სასაცილოა..

ყველაფერი „ტვიტერზე“ დაიწყო.. იმ დროს საკმაოდ ცოტა გამომწერი მყავდა. ჩემი ერთ-ერთი თამაშის შესახებ დავწერე და ერთმა ლამაზმა გოგომ რეაქცია გამოხატა. ჩემმა მეგობარმა ეს ნახა, მის პროფილზე გადავიდა და მითხრა: „ძალიან ლამაზი გოგოა, მოდი რამე მიწერე..“

ჩემი პასუხი ასეთი იყო: „არა, არ გაბედო. მე არავის მოვწონვარ და ის არ მიპასუხებს..“

მან ჩემი ტელეფონი აიღო და შეტყობინების წაშლა დაიწყო.. უცებ მიწერა მართლა მომინდა და მეგობარს ვუთხარი გაეგზავნა..

გესმით როგორი მშიშარა ვიყავი? კარგი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ იმის გამბედაობაც არ მქონდა, რომ გოგოსთვის მიმეწერა..

საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა ჩემი სახელით მიწერა და მან მიპასუხა.. ერთმანეთი მიმოწერის საშუალებით გავიცანით.. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკეთებდით.. ეს მართლაც ლამაზი ისტორიაა. მან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიცი მის გარეშე დღეს ვინ ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი..

ხალხი ხშირად იყენებს ტერმინს WAGS.

(აკრონიმი, რომელიც გამოიყენება მაღალი დონის სპორტსმენების ცოლებსა და შეყვარებულებზე. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სინგულარულ ფორმაში, WAG, კონკრეტული ქალი პარტნიორის ან ცხოვრების პარტნიორის მიმართ, რომელიც ურთიერთობაშია სპორტსმენთან.)

ეს ტერმინი ჩემს მეუღლეს არ მოსწონს. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია!! მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნება რეალობად მექცია. ის მუდამ გვერდში მიდგას და ამით აღფრთოვანებული ვარ.

2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გავიგე, რომ შვილს ველოდებოდით. იმ პერიოდში ჩემით „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდა. ძალიან დაძაბული მომენტი იყო.. ოჯახი ახალი შექმნილი გვქონდა და არ ვიცოდით სად ვიცხოვრებდით..

პირადად მე „მანჩესტერ სიტიში“ მინდოდა გადასვლა. ვინსენ კომპანიმ დამირეკა და მისი გუნდის გეგმების შესახებ მითხრა. დამპირდა, რომ მომეწონებოდა.. ძალიან კარგი შთაბეჭდილება და განცდა დამეუფლა. არ მინდოდა „ვოლფსბურგს“ ცუდად მოვქცეოდი, რადგან იქ ყოფნა მართლა მომწონდა. ამიტომ გადავწყვიტე მეტი არაფერი მეთქვა და მოვლენების განვითარებას მშვიდად დაველოდე..

სამი კვირის განმავლობაში ჩემი აგენტი სხვადასხვა რამეს მეუბნებოდა. ხან გამოდიოდა ტრანსფერი ხან არა..

იმ დროინდელმა დაძაბულობამ ჩემს მეუღლეზე მცირე გავლენა მოახდინა. ერთ დილით ის ძალიან ცუდად გახდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. შეგვეშინდა.. გვეგონა, რომ ბავშვს რაღაც დაემართა..

უცებ სისხლდენა და მწვავე ტკივილები დაეწყო და კინაღამ გავგიჟდი. საავადმყოფოში წავედით.. ვნერვიულობდით.. ვფიქრობდით, რომ ბავშვი დავკარგეთ.. ეს ნამდვილად ყველაზე სევდიანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. უსუსური ვიყავი.. ერთ მომენტში ტრანსფერზე ფიქრობ, ხოლო მეორე მომენტში მთელი ცხოვრება თავზე გენგრევა..

საბედნიეროდ ბავშვი კარგად იყო. ნამდვილად არ ვიცი მის გარეშე რას გავაკეთებდი..

ფეხბურთში ბევრი დიდებული მომენტი მქონია, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს არაფერი შეედრება..

ეს ჩემს ცხოვრებაში მესამე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან გავაცნობიერე, რომ ფეხბურთი არ არის ის, რაც სიცოცხლეს ან სიკვდილს უკავშირდება..

ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების პირველი 23 წელი ფეხბურთით ზედმეტად გატაცებული ვიყავი. მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გავიცანი და შვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა და მე „მანჩესტერ სიტის“ შევუერთდი, გავიაზრე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემდეგ წელს „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გუარდიოლა გახდა..

პეპი ჩემს ფიქრებთან ახლოს არის. სიმართლე გითხრათ, ის უფრო არის ფეხბურთით შეპყრობილი, ვიდრე მე. გუარდიოლა ყოველთვის დაძაბულია. რაც არ უნდა დიდ ზეწოლას განვიცდიდეთ ფეხბურთელები, ის ამას ყოველთვის ორმაგად განიცდის. პეპს მხოლოდ გამარჯვება არ სურს. მას სრულყოფილება უნდა..

როდესაც პირველად შევხვდით, წინ დამიჯდა და მითხრა: „კევინ, შენ თავისუფლად შეგიძლია მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში შეხვიდე. ამაში დარწმუნებული ვარ.“

გაოგნებული ვიყავი, მაგრამ, როცა გუარდიოლამ ეს სიტყვები მთელი მისი თავდაჯერებულობით თქვა, მთელი გონება შემეცვალა. ეს გენიალური მომენტი იყო, რადგან ამის შემდეგ მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა და დამემტკიცებინა, რომ არ ცდებოდა..

ფეხბურთი ხშირად არის სავსე პესიმიზმით ან შიშით, მაგრამ პეპი ფეხბურთში ყოველთვის პოზიტიურია. მისი მიზნები იმდენად მაღალია, რომ მიღწევა რთულია. ტაქტიკური გენიოსია, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს, თუ რამხელა ზეწოლას ახდენს თავის თავზე, რომ სრულყოფილი იყოს..

იყო დრო, როდესაც ტრავმები მაწუხებდა და ბევრს ვერ ვთამაშობდი. ნებისმიერი გამოტოვებული მატჩი ჩემთვის წამება იყო..

მწარედ მახსოვს „ფულემთან“ მიღებული ტრავმა.. წლებია ცოლი მყავს და მას ჩემი ცრემლები არასდროს უნახავს. დაკრძალვაზეც კი არ მიტირია, მაგრამ, როდესაც მუხლი დავიზიანე ავტირდი.. საცვლების ჩაცმაც კი არ შემეძლო ისე ცუდად ვიყავი.. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც მეორე შვილი შეგვეძინა..

ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ის სამშობიაროდან ჩვილ ბავშვთან ერთად მოდიოდა. მე კი დავურეკე და ვუთხარი:

„ბავშვი როგორ არის? ყველაფერი კარგადაა?“

მან მიპასუხა: „ყველაფერი კარგად არის. შენ რა ტირი?“

დიახ, მე ვტიროდი..

მე: „ცუდი ამბავი მაქვს. მუხლი დავიზიანე და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია. შენ ახლა 3 შვილი გეყოლება..“

ამის შემდეგ უკონტროლოდ ავტირდი. მიზეზს ბოლომდე ვერ მივხვდი. შვილის დაბადება მანერვიულებდა, თუ ის, რომ ბევრ მატჩს გამოვტოვებდი.. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, მე პატარა ბავშვივით ვტიროდი..

ჩემი ცოლი თვალებს არ უჯერებდა..

მან მითხრა: „შენ არ გიტირია ჩვენს ქორწილში, არ გიტირია როდესაც შენი შვილი დაიბადა..“

ქორწილი, დაკრძალვა, მშობიარობა.. არცერთი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ცრემლები წამომსვლოდა..

მაგრამ ფეხბურთის ვერ თამაში? კატასტროფა იყო..

ამაზე საუბრისას, იმპულსი, რომელსაც „მანჩესტერ სიტი“ განიცდის, ბევრად აღემატება გამარჯვების სწრაფვას. ეს ასევე ეხება თამაშის გარკვეულ სტილს და ფეხბურთის ფილოსოფიას. ეს არის ის, რაც გვიბიძგებს ყოველ დილით გაღვიძებისკენ, ამიტომაც ვაქცევთ დიდ ყურადღებას ყველა დეტალს და ამიტომ ვაღწევთ საკუთარი თავის მაქსიმუმს..

როცა „მანჩესტერ სიტიში" უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ ფეხბურთს, როცა ყველაფერი მიდის წარმატებისკენ, თითქოს... რა სიტყვაა? როცა მედიტაციას აკეთებ?

ნირვანა..

დიახ, როგორც აღორძინება ნირვანას მხრიდან..

დიახ შეიძლება მე განსხვავებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს თავს მხოლოდ ფეხბურთით გამოვხატავ. ეს ჩემი ისტორიაა..

გმადლობ, რომ ჩემს ისტორიას მოუსმინეთ..“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ

გაზიარება: