„მთავარი გამოწვევა წინ ელოდებათ“ – Forbes-ის სტატია ხვიჩას ნაპოლიზე
ცნობილმა ამერიკულმა გაზეთმა, Forbes-მა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებთან გამკლავებაც „პარტენოპეის“ სკუდეტოს მოგების შემდეგ მოუწევს.
„როგორც ჰოლივუდის ბევრ ფილმში გვინახავს, უმაღლეს მწვერვალზე ასვლა ერთია, იქ დარჩენა - მეორე. 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონამ ნაპოლი სერია A-ს ტიტულამდე მიიყვანა და პარტენოპეის შეუძლია, საკუთარ თავს იტალიის საუკეთესო კლუბი კიდევ ერთხელ უწოდოს. მიმდინარე სეზონში ნაპოლი იტალიაში მართლაც ნომერ პირველი იყო და ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, როგორიც სერია A-ს 2017-18 წლების მაურიციო სარის პარტენოპეის შემდეგ არ უნახავს. ამასთან, მხოლოდ ძალიან გულგრილი ადამიანი ვერ იქნებოდა ბედნიერი ლუჩანო სპალეტის გამო. 64 წლის სპეციალისტმა როგორც იქნა, მიაღწია მიზანს, რომლამდეც სულ ცოტა აკლდებოდა და იტალიის ჩემპიონი გახდა.
წარმატების მიუხედავად, ნაპოლის პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზე და სპალეტიზე დიდი წნეხია, რადგან მესამე ტიტული ცალკეულ გამონათებად არ დარჩეს და გუნდმა დაამტკიცოს, რომ რომა ან ლაციო არაა. რომაულმა კლუბებმა სკუდეტო 1999-00 და 2000-01 წლების სეზონში მოიგეს, თუმცა მას შემდეგ ჩემპიონობასთან ახლოს არ ყოფილან.
ნაპოლის მიზანი უმაღლეს მწვერვალზე დარჩენაა და ეს ისაა, რაც დიეგო მარადონას გუნდმა ვერ შეძლო. იუვენტუსის, მილანისა და ინტერის პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც ვალებს, გამოძიებებსა და სატრანსფერო ბიუჯეტის ნაკლებობას უკავშირდება, ნაპოლის შეუძლია, მინი-დინასტია შექმნას. თუმცა, პარტენოპეის რომანტიკულმა ზღაპარმა უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო და როგორც თანამედროვე ფეხბურთში ხდება ხოლმე, სვავები მათ გარშემო დაფრინავენ და საუკეთესო მოთამაშეების წაყვანა სურთ.
რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან, რომლებიც მე-3 სკუდეტოს სინონიმებად იქცნენ. ოსიმენი რამდენიმე კლუბს უკვე დაუკავშირეს, კვარაცხელია კი პარი სენ-ჟერმენის სამიზნეა. მათ გარდა, ნაპოლიში კიმ მინ-ჯე თამაშობს, რომლის წასვლის შანსიც დიდია. აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ გაზეთს, La Repubblica-ს განუცხადა, რომ ყველა იმ ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს, რომლებმაც ჩემპიონობაში წვლილი შეიტანეს და სხვების დამატებასაც გეგმავს. აურელიოს რადარზე ამერიკელი და იაპონელი ფეხბურთელები იმყოფებიან და 73 წლის ბიზნესმენმა თვალი დაიჩი კამადას დაადგა.
უმაღლეს მწვერვალზე ასვლა მარტივი იყო და ახლა ნამდვილი გამოწვევა იწყება. ნაპოლიმ შემადგენლობა უნდა შეინარჩუნოს და თავისი ფეხბურთელები დიდი ფინანსების მქონე მტაცებლებისგან დაიცვას. კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი წასვლასთან ახლოსაა და ალბათ, იუვენტუსში გადავა. თუ დე ლაურენტისმა ზიანის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა და ჯუნტოლი ერთადერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, ვინც წავა, არავინ იცის, მომდევნო სეზონში ნაპოლი რა შედეგს მიაღწევს“, - წერს Forbes-ი.
შეგახსენებთ, რომ 34 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს 83 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს „იუვენტუსი“ 66 ქულით იკავებს.