გამორიცხულია - რეალი მბაპეს შეძენას აღარ აპირებს
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალს“ სურს პსჟ-ში არსებული გაურკვევლობით ისარგებლოს და მბაპეს შეძენა კვლავ სცადონ.
თუმცა დღეს, მადრიდულ კლუბთან დაახლოებულმა ტელევიზიამ El Chiringuito-მ და ცნობილმა ჟურნალისტმა ხოსეპ პედროლმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მათი ცნობით, „სამეფო კლუბი“ მბაპეს გაფორმებას არ შეეცდება და ეს ტრანსფერი გამორიცხულია.
მადრიდელებს სულ სხვა გეგმები აქვთ. კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ჯუდ ბელინგემის ტრანსფერს პრიორიტეტულად მიიჩნევს. ასევე იგეგმება უახლოეს 1 სეზონში ქარიმ ბენზემას ღირსეული შემცვლელის პოვნა, რომელიც ვინისიუსთან შესაბამისი დონის ტანდემს შექმნის.
რაც შეეხება მბაპეს, „რეალმა“ მისი შეძენა გასულ ზაფხულს სცადა და ამაში დიდი ძალისხმევაც ჩადო, თუმცა კილიანმა პსჟ და ასტრონომიული ხელფასი არჩია, რის შემდეგაც მადრიდელებმა ფრანგი ფორვარდის კარი სამუდამოდ, თუ არა საკმაოდ დიდი ხნით დახურეს.
მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.