ქართული ფრენბურთი და შენელებული პროგრესი - ანა კალანდაძის ინტერვიუ
ქართველმა ფრენბურთელმა, ანა კალანდაძემ პოლონურ გამოცემას, Sport.wprost.pl-ს ინტერვიუ მისცა. ანამ საქართველოში ფრენბურთის მდგომარეობაზე ისაუბრა და „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
„ფრენბურთი საქართველოში პოპულარული სპორტი არაა, მაგრამ ვცდილობთ, მის მიმართ ინტერესი გავზარდოთ. წინა წლებთან შედარებით, პროგრესი შენელებულია. არიან ბავშვები, რომლებსაც ფრენბურთის თამაში სურთ, მაგრამ საქართველოში ურთულესია, ფრენბურთმა კონკურენცია ფეხბურთს ან კალათბურთს გაუწიოს. ეს სანაკრებო დონეზე გამართული მატჩებისას დასტურდება და გამორიცხულია, ისეთი ატმოსფეროს იმედი გქონდეს, როგორიც პოლონეთშია.
ფეხბურთელი უნდა ვიყო, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით დავდგე და თანაბარ კონკურენციაში ვიყოთ. საქართველოში ფეხბურთი ყველას ძალიან უყვარს და თუ გავითვალისწინებთ კვარა რა ემოციებს იწვევს, სასწაული იქნება, ფრენბურთელი მას რომ გაუტოლდეს და მისნაირად პოპულარული გახდეს. ხვიჩას თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას ბრწყინვალედ წარმოაჩენს, ძალიან მახარებს. პირადად მე რაც შემეხება, პროგრესს ვხედავ, რადგან ბოლო წლებში ქართველებმა ჩემი არსებობის შესახებ გაიგეს“.
შეგახსენებთ, რომ კალანდაძე პოლონური კლუბის, „დეველოპრეს ჟეშუფის“ ღირსებას იცავს და თებერვალში, CEV ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა.