მაისურაძემ მსოფლიო დაიპყრო - EJU ქართულ ფინალს გამოეხმაურა
ძიუდოს ევროპული კავშირი დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღის შედეგებს გამოეხმაურა. EJU-მ ქართულ ფინალზე დაწერა, რომელშიც ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და ოქროს დროში მოპოვებული ვაზარით იმარჯვა.
„პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი ვიხილეთ და 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა. ეს ჯუდოკები ერთმანეთს ფინალში თბილისშიც შეხვდნენ და მაშინ ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმარჯვა. ამჯერად, მაისურაძე უფრო ძლიერად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ერთნაირი სტილი აქვთ, ორივე ჯუდოკა მეტოქის შეცდომას ელოდებოდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოქროს დრო დაინიშნა.
ევროპის მოქმედ ჩემპიონს, მაისურაძეს ორი შიდო ჰქონდა, თუმცა ჩავლება აიღო, რამდენიმე წამი დაელოდა, შემდეგ კი მოვლენები მაყურებლებისთვის შოკისმომგვრელად განვითარდა. მაისურაძემ ვაზარი მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. როგორც ქართულ ხასიათს შეეფერება, ლუკამ და ლაშამ თავიანთი მიღწევები ერთად აღნიშნეს და ერთმანეთს ტატამის მიღმაც შეხვდნენ. ზედიზედ ორი წელია, ეს ორი ჯუდოკა მსოფლიო ჩემპიონატების პოდიუმზე ერთმანეთის გვერდით დგას“, - წერს EJU.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ტატამიზე კიდევ ორ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედლებისთვის ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებენ.