ხვიჩა, ბორდოში ტრანსფერი და ფრანგული კარიერა - ზურიკოს ვრცელი ინტერვიუ
„ბორდოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ გამოცემას, SoFoot-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საკუთარ კარიერაზე, ჟირონდულ კლუბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.
საფრანგეთში გატარებულ პირველ თვეებს როგორ შეაფასებ?
„როცა გადმოვედი, კლუბში თავი ეგრევე კარგად ვიგრძენი. მოხარული ვარ, რომ აქ ვთამაშობ. პირველივე მატჩში გავიტანე და ეს თავდაჯერებულობის მოპოვებაში დამეხმარა. კარგი სეზონი გვაქვს, თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ და დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-ში გადასვლა შეგვიძლია. მიმდინარე სეზონში კარგად ვთამაშობ, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო სეზონში უკეთ ვიასპარეზებ“.
როგორ აღმოჩნდი ბორდოში?
„ზაფხულში ლორიენი დამიკავშირდა. ხელმძღვანელებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი გაფორმება უნდოდათ, თუმცა არაფერი გამოვიდა. შემდეგ ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ბორდოს შესახებ მითხრა. დამარწმუნა, რომ აქ გადმოსვლა კარგი ვარიანტი იყო და მანამდეც ვიცოდი, რომ ბორდო მაღალი დონის გუნდი გახლდათ“.
შენი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ბორდოში მუშაობდა. ისაუბრე მასთან აქ გადმოსვლამდე?
„რა თქმა უნდა. მან მითხრა, რომ ბორდო კარგი კლუბია და არჩევანის გაკეთებაში დამეხმარა, მაგრამ ტრანსფერი მამუკა ჯუღელმა დახურა“.
რა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატსა და ლიგა 2-ს შორის?
„საქართველოს ჩემპიონატში კარგი დონეა, მაგრამ ლიგა 2 წინაა, რადგან აქ უფრო ინტენსიურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. ლიგა 2-ში მხოლოდ კარგი გუნდები ასპარეზობენ და 6:0-ს ვერავის მოუგებ. ყველა მატჩი საფინალო სასტვენამდე რთულია და ვფიქრობ, განსხვავება სწორედ ესაა“.
თანაგუნდელებს როგორ ესაუბრები?
„ეს ცოტათი ძნელია, რადგან ფრანგული არ ვიცი, მაგრამ კომუნიკაციას ინგლისურად ვამყარებ. იგნატენკოსთან ყველაფერი მარტივადაა, რადგან უკრაინელია და რუსულად ლაპარაკობს. რამდენჯერმე რესტორანში ერთად ვიყავით და ალექს პიტუსთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, ფრანგული ვიცოდე და ენას ნელ-ნელა ვსწავლობ“.
რას აკეთებ, როცა კლუბში არ ხარ?
„კალათბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ აქ არ ვიცი ადგილი, სადაც კალათბურთს ვითამაშებ. NBA-ს აქტიურად ვუყურებ და ჩემი საყვარელი გუნდი გოლდენ სტეიტია, საყვარელი კალათბურთელი - სტეფ კარი“.
კალათბურთზე საუბრობ, მაგრამ ჩვენ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტი რაგბია.
„ვფიქრობ, დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია, მაგრამ რაგბისაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს უამრავი მაყურებელი ეყოლება. რაგბის ნაკრების თამაშებს ხშირად ვუყურებ, წესებიც ვიცი და რაგბი ძალიან მომწონს. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი და მარტივი სტილი მქონდა: ბურთის მიღებისთანავე რაც შეიძლება, სწრაფად გაქცევა“.
ხვიჩა კვარაცხელიაზე
„ხვიჩას დინამო თბილისში, 10-11 წლის წინ შევხვდი. ამის შემდეგ, ლოკომოტივში და რუსთავში ვიყავი, შემდეგ კი ერთად რუბინში აღმოვჩნდით. მე და ხვიჩა ძალიან, ძალიან ახლო მეგობრები ვართ“.
საწყის ეტაპზე ხვიჩაზე უკეთესი იყავი?
„ჰმმმ, კვარაცხელიაზე უკეთესი არ ვიყავი, ეს სიმართლე არაა, მაგრამ როცა Playstation-ს ვთამაშობთ და ვუგებ, ყოველთვის ბრაზდება. მეც კვარადონას ვეძახი? კვარას ან ხვიჩას ვეძახი. კვარადონა არასდროს გამომიყენებია“.
შეგახსენებთ, რომ ზუროკოს გუნდს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. „ბორდო“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 13 მაისს, „ქუევილი რუენის“ წინააღმდეგ ელის, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.