კარის 27 ქულა - გოლდენ სტეიტმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა
NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა. „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ საკუთარ მოედანზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 16 ქულის სხვაობით, 121:106 დაამარცხა და სერიაში სხვაობა მინიმუმამდე (2:3) შეამცირა.
დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო ოქროს შტატელთა ლიდერი, სტეფ კარი, რომელმაც „ლეიკერსს“ 27 ქულა ჩაუგდო. ამასთან, სტეფმა 8 ასისტიც შეასრულა, 3-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 ბლოკიც მიითვალა. კარგი მატჩი ჰქონდა ენდრიუ ვიგინსსაც, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში დრეიმონდ გრინმა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკი.
„ლეიკერსს“ კი ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. ანტონი დევისის ანგარიშზე კი 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი იყო.
გუნდებს შორის სერიის მე-6 შეხვედრა 12 მაისს, ლოს ანჯელესში გაიმართება.