Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის
Il Mattino-ს ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით ახალი პირობები შექმნა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტი მოლაპარაკებაზე პარიზში იმყოფებოდა. ცნობილი ხდება, რომ ვიქტორმა საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე საათი გაატარა.
„პარი სენ ჟერმენი“ ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც ოსიმენის გადაბირებით ინტერესდება. რადარზე მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლიც“ იმყოფებიან.
წყაროს ცნობით, 24 წლის შემტევის შესაძენად სერია ა-სთვის რეკორდული თანხის გადახდა იქნება საჭირო. Il Mattino წერს, რომ დე ლაურენტისმა საკუთარი ფეხბურთელი 160 მილიონ ევროდ შეაფასა.
„ნაპოლისთვის“ იდეალური ოსიმენის გუნდში დარჩენა იქნება. აღსანიშნავია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. „პარტენოპეი“ ვიქტორს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ნეაპოლურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ოსიმენმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 97-ჯერ მოირგო, 56 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.