„ყოველთვის ვიქნები რუსეთის ნაკრების მადლობელი“ - ყუშიტაშვილი
ტიტულოვანი ქართველი მოკრივე, გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის სახელით გამოდიოდა, რუსულ Match TV-ს ვრცელ ინტერვიუს აძლევს და კარიერის ამჟამინდელ ეტაპზე საუბრობს.
ცნობისთვის, 27 წლის მოკრივე რუსეთის ორგზის ჩემპიონია და 2019 წელს ამ ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა. 2020 წელს, რუსეთის სასამართლომ ყუშიტაშვილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმის გამო დამნაშავედ ცნო. შედეგად, ქართველი მოკრივეს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და რუსეთის ნაკრებიდანაც გარიცხეს.
გიორგი ყუშიტაშვილი ახლა საქართველოს სახელით ასპარეზობს და 2022 წელს ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალში შეძლო გასვლა.
რას ამბობს ყუშიტაშვილი MATCH TV-სთან:
ქართველი ვარ და ჩემთვის საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა სასიამოვნოა. დიახ, რუსეთში ეს არ გამოვიდა, საქმეები არასწორად წავიდა და სადღაც ჩემი ბრალიც არის, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა საქართველოს ნაკრებში ვიღებ სიამოვნებას.
ნებისმიერ შემთხვევაში დაკავშირებული ვიქნები როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან. როგორც სპორტსმენი, რუსეთში შევდექი და ამის გამო ეს ქვეყანა მუდამ იქნება ჩემთან კავშირში.
რუს მოკრივეებთან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მჭიდრო კონტაქტი არა, სხვადასხვა გუნდისთვის ვიბრძვით. თუ ზოგადად მიიღებთ, პერიოდულად ვუკავშირდები სერგეი სობილინსკის, ანდრეი ზამკოვს, ალექსეი სემიკინს, ძირითადად ჩემს თაობას.
საქართველოს სახელით, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ჩემს კარიერაში ალბათ საუკეთესო შედეგია. ახლა მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მოპოვებაა, აქ სწორედ ამისთვის ვარ.
მენატრება თუ არა რუსეთის ნაკრები? თვითონაც კარგად იცით, რომ იქ გამოსვლა ამიკრძალეს, თუმცა საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობის უფლება მომცეს. მადლობა უმარ კრემლევს ამ შესაძლებლობისთვის და ასევე ტატიანა კირიენკოს, რომელიც ყველა საბუთის შეგროვებაში დამეხმარა.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ნაკრების ძალიან მადლობელი ვარ. რუსეთის ნაკრები დღემდე მეხმარება. მაგალითად, ნებისმიერ დროს შემიძლია ვითხოვო რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიში და ამაზე უარს არ მეტყვიან. ისინი თავისიანად მიმიჩნევენ, მე კი რუსეთის ნაკრები ჩემს გუნდად მიმაჩნია.
2020 წელს მომხდარი ამბის მადლობელი ვარ, ამან გამაძლიერა და რაც მთავარია, იმაზე უკეთესი გამხადა, ვიდრე იმ მომენტამდე ვიყავი. ბევრ რამეზე დამაფიქრა და პრიორიტეტები დავსახე. ახლა კი წინ წასვლის დროა! მადლობელი ვარ გულშემატკივრების და ასევე, ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი - მადლობა რუსეთის ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ყუშიტაშვილი 2022 წლის მაისში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მოკრივემ ფინალში მასპინძელი რაფაელ ჰოვანისიანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.