რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ ჰენრი სეხუდოზე და „მანქანაზე“ ისაუბრა. სეხუდომ სოციალურ ქსელებში დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, რაზეც მერაბისგან თანხმობა მიიღო და ლონგოს სწორედ ამ ბრძოლაზე ჩაეკითხნენ.
„ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის ურთულესი მეტოქეა, მაგრამ პირადად მე, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. დვალიშვილისა და სეხუდოს ჩხუბის გამართვის იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა მერაბის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მან ხელზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს და არ ვიცი, მზად როდისთვის იქნება.
სტერლინგთან გამართულ ბრძოლაში, სეხუდომ ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, ვურჩევდი, სასწრაფოდ სპორტდარბაზში დაბრუნდეს. ჰენრი ძველებურად სწრაფი აღარაა და ჩხუბის დროს ალჯოსაც ვუთხარი, რომ მარტივად შეეძლო, დაენახა, სეხუდო რა კომბინაციის განხორციელებას გეგმავდა. მერაბს რაც შეეხება, დვალიშვილი ძალიან მაგარი ბიჭი და მხიარული ადამიანია. ის და ალჯო ახლო მეგობრები არიან და სტერლინგს უნდა, მისმა მეგობარმა ტიტულისთვის იჩხუბოს. ჩემი აზრით, ალჯომ წონითი დივიზიონის შეცვლის გადაწყვეტილება უმეტეს წილად, სწორედ დვალიშვილის გამო მიიღო“.
შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.