1 მოგება სერიის დახურვამდე | ფილადელფიამ ბოსტონი სტუმრად დაამარცხა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, „ბოსტონ სელტიქსი“ პლეიოფებიდან გავარდნასთან ძალიან ახლოსაა. „კელტებმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ მესამედ წააგეს და კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში, ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშებიან.
„ბოსტონისა“ და „ფილას“ მე-5 შეხვედრას „თიდი გარდენმა“ უმასპინძლა და „სიქსერსმა“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. „ფილადელფიამ“ პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგო და კომფორტული უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნა - 115:103.
„სევენთი სიქსერსს“ ჯოელ ემბიდმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტაირიზ მაქსის 30 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. ჯეიმს ჰარდენმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა, ხოლო ტობაიას ჰერისმა - 16 ქულა, 11 მოხსნა. „ბოსტონის“ რიგებში 36 ქულითა და 10 მოხსნით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 27-დან მხოლოდ 11 ბურთი ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნმა 24 ქულა გააკეთა, მარკუს სმარტმა - 14.
ცნობისთვის, „ფილადელფია“ 3:2-ს იგებს და სერიის დახურვა საკუთარ კედლებში შეეძლება ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებას 12 მაისს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება.