ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მესისთან თამაშზე ვოცნებობ, რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია“ - მამარდას ინტერვიუ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ საინტერესო თემებზე ისაუბრა. ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ.

მამარდაშვილმა ბევრ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი ფეხბურთელის ცხოვრებაში ნებისყოფის მნიშვნელობა იყო „ჩემი აზრით ნებისყოფა ფეხბურთელის და სპორტსმენის ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული რაღაცაა. ეს თუ გაქვს, ბევრად წინ ხარ, ესე მგონია. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ვალენსიაში ერთი წელი ქალაქი ნანახი არ მქონდა. რომ მეკითხებოდნენ, რა ადგილები იციო, საერთოდ არაფერი ვიცოდი. სულ ბაზა-სახლი, ბაზა-სახლი, ესე ვიყავი. ახლაც ნაკლებად გავდივარ სახლიდან“.

მამარდაშვილმა ლა ლიგაში დებიუტთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტი გაიხსენა:„ლა ლიგაში დებიუტამდე თვენახევრით ადრე საქართველოს ჩემპიონატის მატჩი ვითამაშე, „თელავთან“ 0:3 წავაგეთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ნახტომი იყო. სასიხარულოა“.

კითხვაზე თუ რომელ ფეხბურთელთან თამაშზე ოცნებობს, მამარდაშვილი მესის ასახელებს: „მესის წინააღმდეგ თამაში სულ მინდოდა, მასთან თამაშზე მიოცნებია, ჯერჯერობით ეს ოცნება ვერ ავიხდინე. „ბარსელონადან“ ცუდ დროს წავიდა. როცა მე „ვალენსიაში“ გადავედი, ზუსტად მაშინ მესი „ბარსელონადან“ წავიდა. გული დამწყდა“.

კითხვა: „როდის შეიძლება დადგეს ის მომენტი ან რა უნდა მოხდეს, როცა იტყვი, რომ ყველაფერი გამომივიდა, რაც მინდოდა?“

მამარდაშვილის პასუხი: „ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო, მაგრამ მაინც შეიძლება არ ვთქვა, რომ ყველაფერი გამომივიდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ახალი გამოწვევები მოდის. შესაძლოა, მაინც არ დადგეს ის პერიოდი, რომ ეს სიტყვები ვთქვა. გამოწვევები ცხოვრებაში სულ არის“.

კითხვაზე თუ ვინ არის მისი ყველაზე მისაბაძი ფეხბურთელი, „ვალენსიას“ მეკარე კრიშტიანუ რონალდუს ასახელებს: „როგორც მისაბაძი, რონალდუ იქნება თავისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით, მაგრამ რონალდუს დიდი ქომაგი არ ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები