მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში? - რუსული მედიის საინტერესო ცნობა
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი კონსტანტინ მარადიშვილი ქართულ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს. РБ Спорт-ის ინფორმაციით, რეალურია, რომ მარადიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ივნისში ითამაშოს.
РБ Спорт: „საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კონსტანტინ მარადიშვილზე უკვე ამყარებენ იმედს. მის გამოძახებას ივნისის მატჩებისთვის გეგმავენ, როცა საქართველო კვიპროსსა (17 ივნისი) და შოტლანდიას (20 ივნისი) შეხვდება“.
23 წლის კონსტანტინ მარადიშვილი 2000 წლის 27 თებერვალს მოსკოვში დაიბადა. საყრდენი ნახევარმცველი მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია, 2021 წელს ცსკა-დან მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის მოთამაშეა. მარადიშვილს, რომელსაც რუსეთის 20 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი მიხაილ გალაკტიონოვი მარადიშვილს სასტარტოში აღარ ათამაშებს. მეტწილად ქართველი ფეხბურთელი მატჩის მიწურულს გამოდის მინდორზე.
მიმდინარე თვის დასაწყისში მოსკოვის „ლოკომოტივის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა იური ნაგორნიხმა Ria Novosti Sports-თან კონსტანტინ მარადიშვილზე ისაუბრა. კითხვა მარადიშვილის მოქალაქეობის შესაძლო შეცვლას ეხებოდა, რაც ნაგორნიხმა უარყო, ფეხბურთელი კვლავ რუსეთის მოქალაქეა.
იური ნაგორნიხი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენთვის არ მოუმართავს, კონსტანტინეს მოქალაქობა არ შეუცვლია. მე ვიცი მისი და მისი მამის პოზიცია. მე ეს ინფორმაცია მაქვს და მხოლოდ ამ ინფორმაციით შემიძლია ვიმსჯელო“.