სპალეტი ნაპოლის ტოვებს? - გუნდი ორ კანდიდატს განიხილავს
სეზონის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა „ნაპოლი“ დატოვოს. ინფორმაციას იტალიური Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, სპალეტის „ნაპოლიში“ მუშაობის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დასრულებასაც განიხილავს და შესაძლოა, ეს მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდეს.
სააგენტო იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი უკვე განიხილავს 65 წლის მწვრთნელის შემცვლელის კანდიდატურებს და ორი ფავორიტიც ჰყავს: „მონცას“ მთავარი მწვრთნელი, რაფაელე პალადინო და „უდინეზეს“ დამრიგებელი, ანდრეა სოტილი. დე ლაურენტისი ორივე მათგანთან ახლო კონტაქტშია.
თუმცა, ყველაფერი ლუჩანო სპალეტიზე იქნება დამოკიდებული. სერია A-ს გასულ ტურში, „ფიორენტინასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 65 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომავალზე კლუბის ხელმძღვანელობასთან სეზონის ბოლოს დაილაპარაკებს.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლის ზაფხულში დაინიშნა და 2023 წელს, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.