ლონი უოკერის შოუ, სტეფის 4000 | ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი ისევ დაამარცხა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ საკუთარ კედლებში მეორედ დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
მე-3 მატჩისგან განსხვავებით, რომელიც „ლეიკერსმა“ 30 ქულით მოიგო, დღევანდელ დაპირისპირებაში ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ბოლო პერიოდის სტარტზე, „გოლდენ სტეიტი“ 7 ქულით იგებდა, „ლეიკერსმა“ მეოთხედი 7:0 გაქცევით გახსნა და ანგარიში გაათანაბრა. საფინალო სირენამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. შეხვედრის დასრულებამდე 26 წამით ადრე, „ლეიკერსი“ 1 ქულით იგებდა და სტეფ კარის საკუთარი გუნდის დაწინაურება ორჯერ შეეძლო, მაგრამ მისი სროლები არაზუსტი აღმოჩნდა, რასაც „უორიორსის“ 2 დაკარგვა მოჰყვა და „ლეიკერსმა“ 104:101 იმარჯვა.
დღევანდელ მატჩში, ლოს ანჯელესთა მხრიდან ლონი უოკერი უნდა გამოვარჩიოთ. ამ უკანასკნელმა მეოთხე მეოთხედში 15 ქულა ჩააგდო და „ლეიკერსის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. უოკერს 2 ჩაჭრა და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. „ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მიითვალა, ენტონი დევისის ანგარიშზე 23 ქულა და 15 მოხსნაა, ოსტინ რივზმა კი მატჩი 21 ქულით დაასრულა.
„გოლდენ სტეიტს“ 31 ქულით, 10 მოხსნითა და 14 ასისტით სტეფ კარიმ ულიდერა. „უორიორსის“ გამთამაშებელმა კარიერაში მე-4000 (პლეიოფებისა და რეგულარული სეზონების ჩათვლით) სამქულიანი გაიფორმა და NBA-ის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც ეს ნიშნული დააფიქსირა. რეკორდის მიუხედავად, სტეფს ცუდი საღამო ჰქონდა და 14-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო. კარგად არც კლეი ტომპსონს უთამაშია, რომელმაც მატჩი 9 ქულით დაასრულა, ენდრიუ უიგინსს კი 17 ქულა ჰქონდა.
ამრიგად, „გოლდენ სტეიტი“ 1:3-ს აგებს და სერიის გაგრძელებას მომდევნო შეხვედრაში შეეცდება, რომელსაც საკუთარ კედლებში, 11 მაისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 06:00-ზე დაიწყება.