შეტევის გაძლიერება სურთ | ნაპოლი ჩელსის გარემარბს უმიზნებს
იტალიის სერია A-ს კლუბებს „ჩელსის“ გარემარბის, კრისტიან პულიშიჩის გადაბირება სურთ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით „ნაპოლი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან.
„არისტოკრატები“ აპირებენ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე გარიგება განახორციელონ და ამისთვის, ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება სჭირდებათ. მიზნის მისაღწევად „ლურჯები“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავენ და როგორც Daily Mail-ი წერს, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ერთ-ერთი მათგანი პულიშიჩი იქნება.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ნაპოლის“ ინტერესი სერიოზულია და ლონდონელებს იმედი აქვთ, ამას სათავისოდ გამოიყენებენ. „ჩელსის“ ვიქტორ ოსიმენის გადაბირება სურს და მზადაა, მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო და რამდენიმე ფეხბურთელი დათმოს.
შეგახსენებთ, რომ პულიშიჩი „ლურჯების“ ძირითად შემადგენლობაში დიდი ხანია ვეღარ ხვდება. მიმდინარე სეზონში, პირველი წუთიდან მან მხოლოდ 8 შეხვედრა დაიწყო და მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია. ოსიმენს რაც შეეხება, მან 23 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.