იოკიჩის 53 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ფინიქსმა დენვერთან ანგარიში გაათანაბრა
„ფინიქს სანსმა“ „დენვერ ნაგეთსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. არიზონელებმა სტუმრად 2 შეხვედრა წააგეს, თუმცა საკუთარ კედლებში გამართული ორივე მატჩი მოიგეს - 2:2. „სანსმა“ მეოთხე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და 129:124 იმარჯვა.
„ფინიქსს“ ტრავმის გამო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კრის პოლი ვერ ეხმარება და მის გარეშე გუნდს კევინ დურანტი და დევინ ბუკერი მიუძღვებიან. გამონაკლისი არც „დენვერთან“ გამართული მეოთხე შეხვედრა ყოფილა, რომელშიც მათ 36-36 ქულა გაიფორმეს. ბუკერს 12 ასისტი და 6 მოხსნაც ჰქონდა, „კეიდიმ“ კი 11 მოხსნა და 6 ასისტი გაიფორმა.
„დენვერის“ რიგებში ფენომენალური მატჩი ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა. „ჯოკერი“ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 53 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 დაფარება გააკეთა. ჯამალ მიურეიმ 28 ქულა დააგროვა, ხოლო აარონ გორდონი და მაიკლ პორტერ ჯუნიორი 11-11 ქულას დასჯერდნენ.
ცნობისთვის, ამ გუნდების მე-5 დაპირისპირება 10 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 06:00-ზე დაიწყება.