„ამ გულშემატკივრების გამო ღირს ეს ყველაფერი“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ უმასპინძლდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სპალეტიმ:
რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს რაღაც უნიკალური ემოციებია. დღეს უკეთესად ვაცნობიერებთ, როგორ უყვართ გულშემატკივრებს გუნდი, ფერები, რომელიც ამ გუნდთან ასოცირდება. არ ვიცი, ნახეთ თუ არა რამდენი ადამიანია სტადიონს გარეთ შეკრებილი. სწორედ მათ გამო ვამბობდით ასე ხშირად, რომ ეს გულშემატკივარი უნდა გაგვეხარებინა. სწორედ იმის გამო, რაც მათ მოაწყვეს. ქვემოთ უნდა დავეშვათ და გავაცნობიეროთ, შევიგრძნოთ ის ემოციები და სიყვარული, რომლებსაც ისინი ჩვენს მიმართ გამოხატავენ. დღეს მათ ხელითაც ვეხებით და ამ სიხარულს ვიზიარებთ. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ამ დროს შეიძლება იგრძნო.
ოსიმენის გოლი? მან აჩვენა, თუ რამდენად დიდი ხასიათი და შემართება აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია. მას შეუძლია მატჩის მიმდინარეობას ისე მოერგოს, რომ სცენარის შეცვლის შემდეგ, თავადაც შეიცვალოს განწყობა. ყველაფერს შესანიშნავად ერგება. ის საუკეთესო ბომბარდირია და გასახდელში ამბობდა, რომ ჟორჟ ვეას შედეგის გაუმჯობესება შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ 34 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში 83 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უკონკურენტოა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.