ხვიჩას მოპოვებული პენალტით ნაპოლიმ ფიორენტინას მოუგო
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ უკვე ჩემპიონის სტატუსით „ფიორენტინას“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ლუჩანო სპალეტიმ ფლორენციელებთან შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა და გუნდის ბირთვის ძირითადი უმრავლესობა გადაწყვიტა. მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს, ტრავმირებული ირვინ ლოზანოს ნაცვლად გამოჩნდა.
შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს 45 წუთი დაეთმო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ხვიჩას გამოსვლისთანავე შეტევაში „ნაპოლის“ გააქტიურება საგრძნობი გახდა და მეტოქის კართან ქართველმა ფეხბურთელმაც არაერთი ეპიზოდი შექმნა.
70-ე წუთზე ხვიჩამ „ფიორენტინას“ საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. კვარაცხელიას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა და სპალეტის გუნდმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
34 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში უკონკურენტოა და 83 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე შედგება.