დავითაშვილი საუკეთესო იყო - გამარჯვების გოლი და საკვანძო პასები
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ შინ ერთ-ერთი კონკურენტი „კაენი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, მან სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე აპლოდისმენტებით შეცვალეს.
საფრანგეთის ლიგა 2-ს „ლე ავრი“ 33 მატჩში მოპოვებული 68 ქულით ლიდერობს, „ბორდომ“ 34 შეხვედრაში 65 ქულა დააგროვა, „მეცმა“ 33 თამაშში 59 ქულა დააფიქსირა. მიმდინარე ტურის მატჩს „მეცი“ ბოლოადგილოსან „ნიორთან“ სტუმრად გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში მიქაუტაძის გუნდი „ბორდოსთან“ სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს. შეგახსენებთ, ლიგა 1-ში მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები აღზევდებიან.
ანგარიში მე-16 წუთზე ჯოშ მაჯას საგოლე პასით ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, ქართველი გარემარბი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გოლის გარდა 2 საკვანძო პასი შეასრულა. აღსანიშნავია მომენტი მეორე ტაიმიდან, როცა თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა „კაენის“ მეკარემ ბურთი მოიგერია. 89-ე წუთზე ზურიკომ ბრწყინვალედ ითამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო „კაენის“ მოთამაშე ჯიბრილ დიანიმ ყვითელი ბარათი მიიღო.
Sofascore-მა მატჩში მონაწილე ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ზურიკო დავითაშვილა და „კაენის“ ტუნისელ მცველ ალი აბდის დაუწერა - 7,6. დავითაშვილის 22 გადაცემიდან 17 ზუსტი იყო (77 პროცენტი). მინდორზე 13 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო, 3 საჰაერო ორთაბრძოლიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთში გამოვიდა. 2 ჩაჭრა შეასრულა. დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებული იყო.
Sur un service de Maja, Davitashvili a inscrit un but précieux dans la course à la L1, Bordeaux repousse provisoirement Metz, troisième, à 6 points !https://t.co/9m4m23jIEP#FCGBSMC pic.twitter.com/oCgGfGXbLE
— L'ÉQUIPE (@lequipe) May 6, 2023
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 26 მატჩში (19 სასტარტოში) 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლები გამარჯვებაში გადამწყვეტი „დიჟონთან“ (მე-9 ტური), „სოშოსთან“ (მე-17 ტური) და „კაენთან“ (34-ე ტური) შეხვედრებში იყო.
22 წლის ზურიკო დავითაშვილი, რომელიც თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა, თუმცა „ბორდომ“ მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.