„აფეთქდა და მთავარი აღმოჩენაა“ - კაპელო და კანავარო ხვიჩაზე
იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა, ფაბიო კანავარომ და ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე და „ნაპოლის“ წარმატებაზე ისაუბრა. კაპელომ ხაზი „კვარას“ როლს გაუსვა, კანავარომ კი ხვიჩასთან ერთად, „პარტენოპეის“ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოარჩია.
„ხვიჩამ ნაპოლის ტრიუმფში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მომდევნო სეზონში უკეთ იასპარეზებს. დაუჯერებელია თუ რამდენად სწრაფად მიაღწია წარმატებას ნაპოლიში. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და კვარა იტალიის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაა“, - განაცხადა კაპელომ.
„ვიცოდი, რომ კიმი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონი იდეალურად ჩაატარა და მისი არც ერთი შეცდომა არ მახსენდება. კიმის გვერდითაა კვარა, რომელიც აფეთქდა და კრისტიანო ჯუნტოლიმ ორი საოცარი ტრანსფერი გაჩარხა. ჯოვანი დი ლორენცოს რაც შეეხება, არგენტინელი რომ ყოფილიყო, მისი გვარი ძანეტი იქნებოდა, ხოლო ინგლისიდან რომ შეეძინათ, ყველა უოკერს დაუძახებდა“, - დასძინა კანავარომ.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ.