იური ტაბატაძე, დავით მუჯირი, შეიკნე სილა, მიშიკო სარდალიშვილი, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

სილამ ქუსლით შეაგდო - სილაგაძის გამარჯვების გოლი 5-გოლიან თრილერში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „შუქურა“ ანგისას ბაზაზე „საბურთალოსთან“ 2:3 დამარცხდა. ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო, ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ ითამაშა, ამ ეტაპზე 22 ქულით მესამე ადგილზეა, ამდენივე ქულაა „სამგურალის“ აქტივში, რომელიც მიმდინარე ტურში „თელავს“ ესტუმრება (6 მაისი). 

ანგარიში 23-ე წუთზე შეიკნე სილამ გახსნა, 23 წლის მალელმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ქუსლით ეფექტური გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში „საბურთალოში“ მე-12 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 5 გოლია.

პირველი ტაიმი „საბურთალომ“ სილას გოლით მოიგო. 58-ე წუთზე აფრიკელმა თავდამსხმელმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად იური ტაბატაძემ აქცია. ტაბატაძემ ამ სეზონში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მათგან 3 პენალტის ნიშნულიდან.

მეორე ტაიმში, სამწუთიან მონაკვეთში „შუქურამ“ ანგარიში გაათანაბრა, 69-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა დავით მუჯირი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მუჯირის დარტყმა გოლით დასრულდა. 72-ე წუთზე ბანტუ მზაკვალის პასის შემდეგ სარდალიშვილმა საჯარიმოში იაქტიურა და მესამე ცდაზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

85-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა. ამპლუით ნახევარმცველმა სილაგაძემ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო (2 საჯარიმო დარტყმით).

„შუქურა“ კრიზისშია, ზედიზედ მე-5 მატჩი დათმო, 12 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტებს, „თელავსა“ და „სამტრედიას“ ქულით ჩამორჩება. მე-13 ტურში „თელავს“ ესტუმრება (10 მაისი).

 „საბურთალო“ შემდეგ შეხვედრას გორის „დილასთან“ სტუმრად ჩაატარებს (9 მაისი).

„საბურთალოს“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები