„ნაპოლიში ტრანსფერით თავი არ დაუკარგავს“ - ვაისი ხვიჩაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რუსულ Sport 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ნაპოლიში“ ტრანსფერით საკუთარი თავი არასდროს დაუკარგავს, ის „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშეა. ხვიჩა ახალწვეული იყო, არავინ იცნობდა, მაგრამ ფლანგზე აგრესიული თამაშით ყველამ გაიცნო. შესანიშნავი ბიჭია. თავისი შესაძლებლობების რწმენა აქვს. მისი ტალანტი „ნაპოლის“ ჩემპიონობაში დაეხმარა“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „რუბინის“ ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ხვიჩას შესახებ Metaratings-თან ისაუბრა:
„შესაძლოა, ნეაპოლში კვარაცხელიას მარადონას ადარებენ. შესაძლოა, ამის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია, მას ყველაფერი წინ აქვს. ნეაპოლელთათვის ის უკვე გახდა მარადონას მსგავსი ლეგენდა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინას მარადონა ჰყავს, საქართველოს - კვარაცხელია. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ და აქ ყოველთვის იყვნენ კარგი ფეხბურთელები, მათ შორის საბჭოთა კავშირში.
ხვიჩა ჩვენთვის უკვე ლეგენდაა. ის თამაშობს, როგორც ვარსკვლავი, მსგავსად მესისა და მარადონასი. კვარაცხელია კიდევ განვითარდება, პროფესიონალია, მისი პროგრესი არ შეწყდება“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლი“ 80 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს, „პარტენოპეიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა.
„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც პროდუქტიული იყო, 9 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.