ოცნებები ნამდვილად ხდება იქ, სადაც შენ ხარ - ხვიჩას დედა შვილის წარმატებაზე
33-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა, „უდინეზესთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა. ნეაპოლურმა კლუბმა მარადონას ეპოქის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.
„ნაპოლის“ ჩემპიონობას ხვიჩა კვარაცხელიას დედა მაკა ლუკავა Instagram-ში გამოეხმაურა: „გილოცავ, ჩემპიონო! ოცნებები ნამდვილად ხდება, იქ სადაც შენ ხარ. მადლობა უფალს, უფლის იწამე მარად, მიყვარხარ, Forza Napoli“.
ხვიჩას ჩემპიონობას მისი ძმა, ნიკა კვარაცხელია Facebook-ში გამოეხმაურა: „ბოლოს „ნაპოლი“ ჩემპიონი 33 წლის წინ გახდა, მაშინ გუნდის ლიდერი მარადონა იყო, დღეს „ნაპოლი“ ჩემპიონია და მისი ერთ-ერთი ლიდერი ქართველია, თანაც კვარაცხელია და თანაც ის ჩემი ძმააა“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლი“ 80 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს, „პარტენოპეიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა.
„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც პროდუქტიული იყო, 9 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.