გიორგი შერმადინი
Aa
Aa

„ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები გავახაროთ“ - გიორგი შერმადინი

საქართველოს პირველმა არხმა „ტენერიფესა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელთან, გიორგი შერმადინთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. „შერმინატორმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენს მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა.

– წილისყრის შედეგებზე ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ?

„წილისყრისას ტენერიფესთან ერთად გრანადაში ვიყავი. დასრულებისთანავე თანაგუნდელებს შედეგები ჩავუგდე. უერტასის ბრაზილია ესპანეთს ეთამაშება. ჩვენს გუნდში ესპანეთის ნაკრების რამდენიმე კალათბურთელია. არ გაუმართლა სასუ სალინსა და ფინეთის ნაკრებს – ისინი გერმანიასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან მოხვდნენ. ჩვენ ამ მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს. თუმცა ედი ტავარეშს ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ავცდი – რეალის კაბოვერდელი კალათბურთელი ძალიან ძლიერი ცენტრია. მასთან ძალიან გვჭირდება გოგა ბითაძე, რომელიც სამქულიანებსაც სტყორცნის და ტავარეშის ფარიდან გაყვანა შეუძლია. ცხადია, მხოლოდ ერთი ან ორი კალათბურთელი ამინდს ვერ შექმნის, აუცილებელია საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად და კარგად მომზადებული შეხვდეს მსოფლიო ჩემპიონატს“.

– ვენესუელამ შესარჩევზე ორჯერ დაამარცხა არგენტინა, სლოვენიაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს…

„ვენესუელის ნაკრებს ნამდვილად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. სლოვენიას ოთხჯერ ვეთამაშეთ, რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანაში მეც გამოვდიოდი. კარგად შეკრული გუნდია და ფავორიტადაც სამართლიანად ითვლება, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ სლოვენია მოგვიგებს ადვილად ან ჩვენ მოვუგებთ იოლად ვენესუელას. საინტერესო, დაძაბული თამაშები იქნება და ბევრს გადაწყვეტს გამოცდილება. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს კი გამოცდილება არ გვაკლია. ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს, ვენესუელასა და სლოვენიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EJU: სრული ყურადღება ილია სულამანიძისკენ!
EJU: სრული ყურადღება ილია სულამანიძისკენ!