ინსინიე სერია A-ში ბრუნდება? - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე
„ნაპოლის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე, რომელიც დღეისთვის MLS-ის კლუბ „ტორონტოს“ ღირსებას იცავს, მომავალი სეზონიდან შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს.
იტალიური Seriebnews-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელს მისი ძმა, რობერტო ინსინიე ეპატიჟება, რომელიც „ფროზინონეს“ თავდამსხმელი და ერთ-ერთი ლიდერია.
ფროზინონემ“ რამდენიმე დღის წინ სერია B-ს ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა და ახლა უკვე იტალიის უმაღლეს ლიგაზე ფიქრობს და ახალი სეზონისთვის, გუნდის გაძლიერების შესაძლო ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი კი ლორენცო ინსინიეს ტრანსფერია.
გამოცემის ცნობით, რობერტო ინსინიე მთავარ მწვრთნელთან, ფაბიო გროსოსთან აქტიურად ლობირებს თავისი ძმის გადმოყვანის საკითხს და ამის წინააღმდეგი არც თავად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირია.
საბოლოოდ, ყველაფერი ფინანსურ დეტალებზე იქნება დამოკიდებული. ოფიციალური ინფორმაციით, ლორენცო ინსინიეს ტორონტოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული და ანაზღაურების სახით, სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს. Seriebnews-ის მტკიცებით, „ფროზინონემ“ შესაძლოა ერთ-სეზონიან იჯარაზე იმუშაოს, რომლის წინააღმდეგი არც „ტორონტო“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და „პარტენოპეის“ მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2009 წლიდან 434 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 122 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინსინიემ „ნაპოლი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, მის მაგივრად კი კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.