ჩელსის ხვიჩას შეძენა სურს - ლონდონელებს დიდი გეგმები აქვთ
„ჩელსიმ“ 2022/23-წლების სეზონი სრულად ჩააგდო და სატრანსფერო ფანჯრისას კოლოსალური თანხების დახარჯვის ფონზე, კლუბმა კატასტროფული შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, „არისტოკრატები“ გაჩერებას არ აპირებენ და ახალი სეზონიდან ძირეულ ცვლილებებს გეგმავენ.
ცნობილი ესპანური გამოცემა fichajes-ი წერს, რომ ლონდონელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ მარგალიტი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
წყაროს თანახმად, სეზონის ბოლოს ლამპარდი „ჩელსის“ დატოვებს და გუნდს მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ხვიჩა იქნება.
ესპანური გამოცემა კვარაცხელიას სხვა მსურველებზეც წერს, რომლებთანაც „ჩელსის“ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. Fichajes-ის სიაში კვარას მსურველ კლუბებად „ბაიერნი“ და პსჟ სახელდება.
წყარო ამბობს, რომ „ჩელსის“ სხვების ფონზე უპირატესობა ექნება, რადგან მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა, კლუბის მომავალი პროექტი მიმზიდველი და სოლიდურია, რამაც შესაძლოა ქართველი ფეხბურთელი აცდუნოს.
„ჩელსის“ მხრიდან კვარაცხელიას მიმართ დაინტერესება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მუდრიკი კლუბის გეგმებში აღარ შედის, რადგან უკრაინელი ზუსტად ხვიჩას პოზიციაზე თამაშობს. მისი ტრანსფერი ლონდონელებს 100 მილიონი დაუჯდათ.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიასა და ოსიმენის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა ის მზადაა შეთავაზებები მოისმინოს და მათ მხოლოდ მაშინ დათმობს, თუ ჯამში „ნაპოლის“ 300 მილიონ ევროს შესთავაზებენ.