„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ
ხვალ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სპალეტიმ:
მაქვს თუ არა რთული ხასიათი? არ ვიცი. ზოგადად, ბევრ ადამიანთან მიმუშავია. როდესაც უკან ვიყურები, ჩემს 30-წლიან განვლილ გზას ვხედავ. იყო ბევრი გუნდი, ქალაქი, სადაც მრავალი წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მაგალითად რომა, უდინეზე, ემპოლი, ზენიტი... როცა ამბობენ, რომ რთული ხასიათი მაქვს, ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ არ არის მარტივი ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი 4-5 კლუბში აქვს გატარებული. უდინეზეც ერთ-ერთი ასეთი კლუბია. როდესაც აქ მოვედი, მაშინ რთული მდგომარეობა იყო, თუმცა კლუბი სრული პოტენციალის გამოვლენის გარეშე გადავარჩინეთ. შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, თუმცა აქ გატარებულ პერიოდს ყოველთვის თბილად გავიხსენებ.
სკუდეტო? მას ნელ-ნელა ვუახლოვდებით. როგორც ნეაპოლში ამბობენ, უკვე ნელ-ნელა ვტკბებით. სეზონის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ საქმე ჭკვიან გუნდთან მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ მათ უმოკლეს დროში შეძლეს თავისი თვისებების, ხასიათისა და შესაძლებლობების დანახვა და გამომჟღავნება. ეს სკუდეტო დიდ ბედნიერებას მოუტანს არამხოლოდ „ნაპოლის“ და ქალაქს, არამედ კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს. ამას ყველა იმსახურებს. ახლა კი ისღა დაგვრჩენია ბოლო ძალისხმევა ჩავდოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ეს კი ყველაზე რთულია. ყურადღება არ უნდა დავკარგოთ.
სალერნიტანასთან მატჩი? კვირას გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ და ამან ყველა დაგვამწუხრა. ჩვენ მათი ბედნიერებით ვტკბებით და ფიქრებიც ყოველთვის მათკენ მიდის. სწორედ სტადიონმა გაგვაგებინა რაზე ვოცნებობდით და რა უნდა გაგვეკეთებინა. როცა აქ ჩამოვედი, სწორედ ასეთი სტადიონი წარმოვიდგინე: ბევრი შარფით, დროში, ლურჯებში ჩაცმული ბავშვებით... ეს წვეულება ყველასთვის უნდა იყოს.
იმ შესაძლებლობით, რაც წელს გუნდში მქონდა, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ნეაპოლში სკუდეტოს მოგება კი დამატებითი სიხარულია, სუპერ ფუფუნება, რომელიც თავს ნებისმიერ ადგილზე კომფორტულად მაგრძნობინებს. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
უნდა ითქვას, რომ ამაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც დღეს კლუბში აღარ არიან. მათ ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვყავდა - ინსინიე, კულიბალი, ღულამი, მერტენსი... მათ გუნდს ბევრი რამ მისცეს. ახლანდელი შედეგი მხოლოდ ერთ თამაშზე დამოკიდებული არ არის.
ერთი წლის წინ, დე ლაურენტისმა თქვა: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სკუდეტო ნეაპოლში დავაბრუნოთ“. ჩემი პასუხი ასეთი იყო: „კარგი, მოდი, ახლა დავფიქრდეთ რომელი ფეხბურთელები დავიმატოთ“. ვიგრძენი, რომ გუნდს ვჭირდებოდი და დაუფიქრებლად მოვედი. აქ ხელფასისთვის არ მოვსულვარ. მხოლოდ ერთი მისია მქონდა: მომეგო სკუდეტო. შარშან მე-3 ადგილი დავიკავეთ და ხალხს ჩემი წასვლა უნდოდა. კრიტიკა დღესაც არის, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, აქ მუშაობის პერიოდში რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას ვცდილობდი.
უდინეზესთან მატჩი? სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ისიც მახსოვს, რაც აქამდე გავაკეთეთ - ჩვენი თვისებები, შესანიშნავად ჩატარებული მატჩები... არასდროს არ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავების რწმენა და საქმისადმი დამოკიდებულება. უდინეზეს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია და კარგი სათამაშო სტილიც აქვს. გამოცდილები არიან, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და მოედანზე უპირატესობის შექმნა შეუძლიათ.
არის თუ არა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც მწვრთნელიც ვყოფილვარ? რთული სათქმელია, რადგან ფეხბურთი მუდამ განიცდის ევოლუციას. ახლანდელ ფეხბურთთან, წარსულის გუნდების შეთავსება მარტივი არ არის. გამიმართლა, რომ რამდენიმე ძლიერ გუნდს ვწვრთნიდი და ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია მუშაობა. შენც კარგი უნდა იყო, რომ ისეთი კოლექტივი ჩამოაყალიბო, რომელიც დროთა განმავლობაში ენთუზიაზმს და შედეგს იძლევა. ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში შესაბამისი ენთუზიაზმის არსებობა ფუნდამენტურია. წელს, ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ. ამიერიდან, ფეხბურთელები, რომლებიც ნეაპოლში ჩამოვლენ, ეცოდინებათ, რომ თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღონ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ამ ქალაქში სუფევს.
კვარა არის შესანიშნავი, დიდებული და ლაღი ფეხბურთელი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახალგაზრდაა, საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. ის არის ადამიანი, რომელიც სანამ აქ გადმოვიდოდა, რამდენჯერმე ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეყვანა. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. აუცილებლად ისწავლის და ამის შემდეგ ის სასიკვდილო იარაღი გახდება. ის სუპერ ფეხბურთელია. იყო თუ არა მისი ბრალი დიას გოლი? დიას გოლის დროს, კვარა ბურთის ირგვლივ იყო, მაგრამ ის როგორც თავდამსხმელი, ისე მოიქცა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ დაპირისპირება ხუთშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება და ფრის შემთხვევაშიც იტალიის ჩემპიონობას გაინაღდებს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება დღეს გადაწყდეს. 3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე „ლაციო“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ მიიღებს და თუ რომაელები მეტოქის დამარცხებას ვერ შეძლებენ, „ნაპოლი“ ავტომატურად სერია A-ს გამარჯვებული გახდება.