„აპრილში, გუნდი ორი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა“ - ნაპოლის ექს-ფორვარდი
„ნაპოლის“, „პარმასა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ბაიანომ რადიო Marte-სთან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ საჩემპიონო სეზონსა და „უდინეზესთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
რა თქვა ბაიანომ:
სკუდეტოს მოგება მხოლოდ დროის საკითხია. არ იყო გასულ კვირაში? ამ კვირაში იქნება. სამართლიანად უნდა ითქვას, რომ „სალერნიტანამ“ კარგად ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა. მათ ეს შედეგი დაიმსახურეს, ჩვენთვის კი შესაფერისი დღე არ იყო. ვიმედოვნებ, რომ ამ შედეგს ხუთშაბათს, „უდინეზესთან“ მივაღწევთ. ზოგადად, აპრილი „ნაპოლისთვის“ დაცემის თვე იყო, ეს კი დიდწილად გუნდის ყველაზე სახიფათო მოთამაშის, ვიქტორ ოსიმენის ტრავმამ განაპირობა, ამას დაემატა კვარას წარუმატებლობაც. აპრილში, გუნდმა, რომელსაც ფაქტობრივად ორი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა, მაინც იბრძოლა და ნორმალურია, რომ საგოლე მომენტებს ისე ვერ ქმნიდა, როგორც ადრე. არის პერიოდები, როდესაც გოლისკენ გზას ვერ პოულობ.
რაც შეეხება სკუდეტოს წვეულებას, ხუთშაბათს საღამოს ამისი ორგანიზება სწორად მეჩვენება და ვფიქრობ, სტადიონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს. სიმბოლურია, რომ სპალეტის შეუძლია სკუდეტო უდინეში მოიგოს, იქ, სადაც მან სერია A-ს სამწვრთნელო კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სპალეტი მისი კარიერის გამო ამ სკუდეტოს იმსახურებს, ეს ჩვენც დავიმსახურეთ.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც იტალიის ჩემპიონობას გაინაღდებს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება დღეს გადაწყდეს. 3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე „ლაციო“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ მიიღებს და თუ რომაელები მეტოქის დამარცხებას ვერ შეძლებენ, „ნაპოლი“ ავტომატურად სერია A-ს გამარჯვებული გახდება.