დომინანტი დევისი და ბრწყინვალე ლეიკერსი | გოლდენ სტეიტი შინ დამარცხდა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის მე-7 ნომერმა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პლეიოფის მეორე რაუნდი გამარჯვებით გახსნა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა სტუმრად გამართულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ სძლია და საკუთარი კედლების უპირატესობა მოიპოვა.
„ლეიკერსისა“ და „უორიორსის“ დაპირისპირებამ ქომაგთა იმედები გაამართლა და საოცარი მატჩი ვიხილეთ. პირველი ნახევარი ქულა-ქულაში წარიმართა და „ლეიკერსის“ გამარჯვებით დასრულდა - 65:64. მესამე მეოთხედში, ლოს ანჯელესელებმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდეს და გადამწყვეტ თორმეტწუთეულს სოლიდური უპირატესობით შეხვდნენ.
საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე, „ლეიკერსი“ წინ 14 ქულით გაიჭრა და დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს საქმეს ბოლომდე მარტივად მიიყვანდა, თუმცა სტეფ კარი და „გოლდენ სტეიტი“ სხვა აზრზე იყვნენ. „უორიორსის“ მანქანა ჩაირთო და 14:0 გაიქცა - 112:112. მნიშვნელოვან შეტევაში „ლეიკერსი“ დეანჯელო რასელმა, 2-ქულიანით დააწინაურა, რასაც ლებრონის 2-დან 1 საჯარიმო მოჰყვა. „გოლდენ სტეიტმა“ ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 112:117 დამარცხდა.
AD DROPS 30-20 IN GAME 1 ????
— NBA (@NBA) May 3, 2023
30 points
23 rebounds
5 assists
4 blocks
Lakers take the 1-0 series lead ‼️#NBAPlayoffs presented by Google Pixel pic.twitter.com/T1qnAXsOC2
„ლეიკერსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ენტონი დევისი - 30 ქულა, 23 მოხსნა, 5 ასისტი, 4 დაფარება. ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება და 4 ასისტი მიითვალა, რასელისა და შროდერის ანგარიშზე კი 19-19 ქულა იყო. „გოლდენ სტეიტს“ სტეფ კარიმ ულიდერა - 27 ქულა, 6 სამიანი. კლეი ტომპსონმა 25 ქულა და 6 სამიანი გაიფორმა, ჯორდან პულმა - 21 ქულა და 6 სამიანი.