მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო
„ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ღამურების“ ისტორიაში შევიდა. „მამარდას“ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მესტალიელთა მაისურით 50 მატჩი აქვს გამართული და „ჩეს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერია, ვინც ეს შედეგი დააფიქსირა.
„ვალენსია“ 104 წლისაა და კლუბის არსებობის განმავლობაში, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მინიმუმ 50 მატჩი 22 მეკარეს ჩაუტარებია. მამარდაშვილის წარმატებამდე, რეკორდი „ჩეს“ ლეგენდას, იგნასიო ეისაგირეს ეკუთვნოდა, რომელიც „ვალენსიას“ ღირსებას 1940-50 წლებში იცავდა. იგი 23 წლის, 2 თვისა და 9 დღის იყო, როცა 50-ე მატჩი ჩაატარა. მეორე ადგილზე ხოსე ლუის მანსანედო გახლდათ (23 წელი, 3 თვე, 17 დღე), მესამე კი - ხოსე მანუელ სემპერე (23 წელი, 10 თვე, 24 დღე).
მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში 50-ე შეხვედრა გასულ უქმეებზე, „კადისის“ წინააღმდეგ, 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში გამართა. მისი გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა და 33 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება, რაშიც გიორგის ბრალეულობა ძალიან მცირეა. Opta-ს მიხედვით, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ეპიზოდებში, როცა „ვალენსიას“ მეტოქეებს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, მამარდაშვილს გუნდი 17-ჯერ ჰყავს გადარჩენილი. ამ მხრივ, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, მასზე უკეთესი შედეგი 5 მეკარეს აქვს და გიორგი მხოლოდ ფერნანდო მარტინესს (ალმერია, 35), ედგარ ბადიას (ელჩე, 31), დავიდ სორიას (ხეტაფე, 29), ბონოს (სევილია, 20) და იერემიას ლედესმას (კადისი, 19) ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში მამარდაშვილის წასვლაზე აქტიურად იწერება. „ღამურებს“ ფინანსური პრობლემები აქვთ და ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს გაასხვისებენ, რომელთა შორის „მამარდაც“ იქნება. გიორგის პრემიერ ლიგის გრანდები აკვირდებიან და „ჩე“ მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს მოითხოვს.