Tuttomercatoweb: „მაზოკიმ ლეაუს შემდეგ კვარაცხელია შეაჩერა“
სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „სალერნიტანას“ უმასპინძლა. გამარჯვების შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას გაინაღდებდა, თუმცა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიში 62-ე წუთზე მატიას ოლივეირამ გახსნა, 84-ე წუთზე ბულაიე დილამ გაათანაბრა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მის წინააღმდეგ „სალერნიტანას“ მცველი პასკუალე მაზოკი მოქმედებდა, რომელმაც ხვიჩას წინააღმდეგ თავი კარგად წარმოაჩინა, შეტევების გამწვავების საშუალებას არ აძლევდა. მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და მაზოკის დაპირისპირებაზე „სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელს, პაულუ სოუზას ჰკითხეს.
პაულუ სოუზა: „მე უკვე ვთქვი ჩემი აზრი მაზოკის შესახებ, ის ჩემპიონთა ლიგის დონის მოთამაშეა. რაც უფრო სტაბილური იქნება, რაც უფრო მეტად გააგრძელებს ასე თამაშს, უფრო გადამწყვეტ როლს შეასრულებს. მან „ნაპოლის“ წინააღმდეგ თანაგუნდელებთან ერთად ექსტრაორდინალური ფეხბურთი ითამაშა. ამ კონსტრუქციაში ფლავიუს დანილიუკი დიდად დაეხმარა. სივრცეებს კეტავდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, პასკუალე წინ მიდიოდა და მეტოქეებს სუპერ აგრესიულად ეთამაშებოდა“.
Tuttomercatoweb: „მაზოკიმ ჯერ „მილანთან“ ლეაუ გააჩერა, ახლა კი „ნაპოლისთან“ - კვარაცხელია. ნეაპოლში, 60 000 ქომაგის წინაშე მაზოკიმ კვარაცხელიას შეჩერებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებდა, თანაგუნდელებს აზღვევდა და ფსიქოლოგიური სიძლიერეც გამოავლინა“.
კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. სერია ა-ს ბოლო ხუთ შეხვედრაში ხვიჩას არც საგოლე პასი შეუსრულებია და არც გოლი გაუტანია. მიუხედავად ამისა, სპალეტის გუნდში ქართველი გარემარბი გამორჩეულია, რაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებშიც კარგად გამოჩნდა.