სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ენდრიუ უიგინსი, დომანტას საბონისი, დიაარონ ფოქსი
Aa
Aa

კარის 50 ქულა | გოლდენ სტეიტმა საკრამენტოს სერია მე-7 მატჩში მოუგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლას განაგრძობს. სერიის მე-6 მატჩის საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ, „უორიორსის“ ბევრს არ სჯეროდა, თუმცა სტეფ კარიმ და კომპანიამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და „საკრამენტო კინგსი“ პლეიოფს მიღმა დატოვეს.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველ ტაიმში, თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. „საკრამენტომ“ პირველი მეოთხედი 31:30 მოიგო, მეორე - 27:26. „გოლდენ სტეიტმა“ შეხვედრაში გარდატეხა მეორე ნახევარში შეიტანა. „უორიორსმა“ მე-3 მეოთხედი 12 ქულით, ხოლო მეოთხე 10 ქულით მოიგო და 120:100 იმარჯვა

„გოლდენ სტეიტის“ მაისურით ფენომენალური მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ. „უორიორსის“ გამთამაშებელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 50 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარისთვის 50 ქულა პლეიოფის საუკეთესო შედეგია და პლეიოფის სერიის მე-7 შეხვედრაში, ამაზე მეტი ქულა NBA-ში არავის დაუგროვებია. ენდრიუ უიგინსს 17 ქულა ჰქონდა, კლეი ტომპსონს - 16. აუცილებელია კევონ ლუნის თამაში აღვნიშნოთ, რომელმაც „მეფეები“ გააწამა. ლუნიმ 21 მოხსნა გააკეთა და 10-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე აიღო!

„საკრამენტოს“ 20 ქულით, 8 მოხსნითა და 7 ასისტით დომანტას საბონისმა ულიდერა. დიაარონ ფოქსს ცუდი მატჩი ჰქონდა და 16 ქულა დააგროვა, თუმცა 19-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო. მალიკ მონკმა 14 ქულა მიითვალა, კევინ უერტერმა - 10. ამრიგად, „გოლდენ სტეიტმა“ „საკრამენტოს“ სერია 4:3 მოუგო და მისი მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს ლეიკერსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები