ისტორიაში პირველად! - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, ტიტე კალანდაძის გუნდი ქვეჯგუფის ლიდერს, უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და საოცრად დაძაბულ და დრამატულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 30:31 გაიმარჯვა.
შეხვედრის მიწურულს, როდესაც დრო ამოიწურა და ანგარიში 30:30 იყო, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულებაც თავის თავზე გიორგი ცხოვრებაძემ ითავა. ახალგაზრდა ხელბურთელი დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, მოხვდებოდა, თუ არა ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე.
საბედნიეროდ, ცხოვრებაძემ უნგრეთის ნაკრების მეკარეს შანსი არ დაუტოვა და მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.
ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მოხვდა. 8 მესამეადგილოსანს შორის, საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.