„ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვა გვქონდა“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ლუჩანო სპალეტის გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის განაღდება ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე შეეძლო, თუმცა „პარტენოპეიმ“ ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ნაპოლი 1:1 სალერნიტანა
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სპალეტიმ:
სწორედ ჩვენ გვინდა ვიყოთ ის ოცნება, რომელიც გულშემატკივრებს სურთ რომ აუხდეთ, მაგრამ ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ადვილი არ არის. ეს არის ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება, ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, გვინდოდა ყველაფერი დღეს გადაწყვეტილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან ვწუხვართ, რომ გულშემატკივრებს ეს ზეიმი არ ვაჩუქეთ, მაგრამ გპირდებით, ეს ძალიან მალე იქნება.
უსაზღვრო სურვილი გვაქვს, რომ ეს სიხარული გულშემატკივრებს რაც შეიძლება მალე მივცეთ, თუმცა ეს არ მაფორიაქებს. პირიქით, ამ დღეს მშვიდად ველოდები. ყოველთვის ვიქნები კონცენტრირებული. ხვალ ყველანი ისევ ერთიანები ვიქნებით და მომავალი მატჩისთვის მოვემზადებით, სადაც დაგვიანებული სიამოვნების მიღებას ვეცდებით. სინანულის გრძნობა ნამდვილად არის, რადგან ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით.
გაშვებული გოლის ეპიზოდში ცოტა გულუბრყვილოები ვიყავით. მეტოქეს დასარტყმელი სივრცე მივეცით და მანაც ბრწყინვალედ გამოიყენა. მარტივი გოლი არ იყო, შესანიშნავად ითამაშა. უფრო უკეთ უნდა გვემოქმედა.
უდინეზესთან მატჩი? წინასწარ გათვლებს არ ვაკეთებთ. უბრალოდ წავალთ და კარგად თამაშს ვეცდებით, დანარჩენს შემდეგ ვნახავთ.
32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. თუმცა, დიდი შანსია, რომ „ლაციოს“ „იუვენტუსმა“ გადაასწროს, რომელსაც 32-ე ტურში თავისი შეხვედრა სათამაშო აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ბოლონიას“ ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში 62 ქულას დააგროვებს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, „ნაპოლისთან“ სხვაობა კი 17 ქულა იქნება. შესაბამისად, „ნაპოლი“ ჩემპიონობის მოპოვებას შემდეგ ტურში, სტუმრად „უდინეზესთან“ ეცდება. შეხვედრა 4 მაისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.